პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ლიდერი, ე.წ. ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის მიმართ სხვადასხვა პარტიის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ტვ "პირველის" ეთერით ეხმიანება და ამბობს, რომ მათი აზრი არ აინტერესებს და რომ ისინი ცეცხლს ეთამაშებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის წევრების 1/5-მა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და "ცენტრისტების" რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვოს. ვოლსკის აზრით, "ცენტრისტების" საარჩევნო კლიპებში გაჟღერებული დაპირებები საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება.
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის შეაჩერებს პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" წინასაარჩევნო რეკლამას და მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა მათ განიხილონ აღნიშნული საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, "მედიის განვითარების ფონდის" თანადამფუძნებელი ქეთი მსხილაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ბლოკ "ცენტრისტების" წინასაარჩევნო რეკლამის საზმაუს ეთერში გაშვება "ქვეყნის ღალატის ტოლფასია". საეთერო ბადიდან რეკლამის ამოღებას ითხოვენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებიც.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 13 აგვისტოს შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე" ანსამბლ "ერისიონის" კონცერტს დაესწრო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიტიკური ხასიათის შეკითხვებს არ უპასუხებს.
საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ შსს-მ გადაამოწმა სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია შიდა ქართლიდან თითქოსდა მცირეწლოვანი ბავშვების გატაცების შესახებ და არცერთი ფაქტი არ დასტურდება.
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გაზეთის მომდევნო ნომერში (სამშაბათს) სკანდალურ მასალას აანონსებს, რომელიც, მისი თქმით, თავდაყირა დააყენებს გაუჩინარებული დავით ცინდელიანის საქმის გამოძიების ვერსიას. ელისო კილაძე წერს, რომ ორი კონკრეტული პირი იცის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გაუჩინარებული ცინდელიანი მათ უკავშირდებოდა.
ანაკლიაში ირანელი ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. თავდაპირველად ტურისტმა გონება დაკარგა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
რიოში, ოლიმპიურ სოფელში რუსეთის სახელმწიფო დროშა შეურაცხჰყვეს - ამის შესახებ ინფორმაცია სინქრონულ ცურვაში რუსეთის ნაკრების წევრებმა გაავრცელეს.
რუსმა ტურისტმა ცოლ-ქმარმა შვეიცარიის ელიტარული სასტუმროს პერსონალი გააოგნა, როცა სასტუმროს მუშაკებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილმა სასტუმროს აბაზანაში დაამწნილა სოკო, რომელსაც ტყეში ყოველდღე სეირნობისას აგროვებდნენ.