
გრუშევსკის ქუჩაზე დაკავებული და „ბერკუტის“ მიერ გაურკვეველი მიმართულებით წაყვანილი ლვოველი ფოტოგრაფი მირიან გავრილოვი სასტიკად ნაცემი იპოვეს და ამ დრომდე მძიმემმდგომარეობაშია.
გავრილოვი, ისევე როგორც სხვა დაკავებული აქტივისტები, „ბერკუტის“ წევრებმა წინასწარი დაკავების მანქანაში გადაიყვანეს და მობილური ტელეფონი წაართვეს. გავრილოვს მეორე ტელეფონიც აღმოაჩნდა, საიდანაც ძმას დაუკავშირდა.
„მან მითხრა, რომ არ იცის, სად იმყოფება. საუბრობდა ძალიან ხმადაბლა და ამბობდა, რომ ავტომანქანაში რამდენიმე კაცმა გონება დაკარგა. მისი თქმით, გაიყვანეს უკაცრიელ ადგილას, გაშლილ ველზე, სადაც კაცის ჭაჭანება არაა და არც ავტომანქანების ხმა ისმის. ამბობდა, რომ ძალიან ცივა, რადგან ყველას ტანსაცმელი გახადეს“, – ასე გაიხსენა ძმასთან საუბარი მიხეილ გავრილოვმა.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერეს, რომ ჟურნალისტი სასტიკად ნაცემი, ნახევრადშიშველი იპოვეს – ის ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.
გავრილოვი ამბობს, რომ ბერკუტელებმა ერთ მანქანაში 21 კაცი შეყარეს, ქალაქგარეთ გაიყვანეს და ტანსაცმელი გახადეს, რის შემდეგაც სასტიკად სცემეს და თოვლში დატოვეს.