
წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში მცხოვრები 87 წლის ჟენია ჯიშკარიანი 23 წელია დაშლის პირას მისულ რკინის ვაგონში ცხოვრობს.
„ადამიანისთვის საჭირო პირობები არ არის, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს - რაც სახლი დამეწვა, ამ ვაგონს შევაფარე თავი.
პატრონი არავინ მყავს, ჩემი კეთილი მეზობლები რომ არა, ვერც მე ვიცოცხლებდი აქამდე.
თხი შვილი გავზარდე და ოთხივე დამეღუპა, ერთს დენმა დაარტყა, მეორე ავარიაში მოჰყვა...დანარჩენი ორიც ასე საცოდავად დავკარგე.
ისეთ ასაკში დაიღუპნენ, რომ ოჯახი არც ერთს არ ჰყოლია. ამიტომ, არც შვილიშვილი მყავს. მთელი ოჯახი დავმარხე, დავრჩი ასე საცოდავად, უპატრონოდ.
ადრე, როცა ჯანი მომდევდა, მიწასაც ვამუშავებდი, ჩემი ბოსტნეულიც მქონდა და მარცვლეულიც. ახლა სადღა შემიძლია, დახმარების ფულს თუ გადავანაწილებ საჭმლისა და წამლებისთვის.
წყალტუბოს გამგეობამ მომატყუა, მპირდებოდნენ, რომ ფიცრულს შემიჭედავდნენ, სადაც სითბო შეინახებოდა და ქარი და წვიმა არ გაატანდა. თუმცა ყოველ წელს ეს დაპირება დაპირებადვე რჩება...
1992 წლის შემდეგ ამ რკინის ვაგონში ვცხოვრობ, მაგრამ არაფერი მეშველა. ზამთარში ისე ცივა, სიკვდილს ვნატრობ, რომ მოვისვენო. ვაგონი უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ როცა თოვს, საწოლშიც მათოვს...
იქნებ ადგილობრივმა ან ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთი ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ზამთრამდე თუ ვიცოცხლე, ყინვისგან არ მოვკვდე. რომ მოვკვდები, იმის მეშინია, სად უნდა დამასვენონ, ამ ვაგონში სასახლეც კი არ დაეტევა და სხვის სახლში რომ დაასვენებენ მიცვალებულს...“ - ამბობს ჟენია ჯიშკარიანი.
kvirispalitra.ge