
„ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაცია „ფეისბუქზე“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მარტვილში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელს მოქალაქე მანქანით განგებ დაეჯახა.
„აფხაზეთის ხმამ“ ამ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გაარკვია:
მოქალაქე რუსლან გ. საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას უსაფრთხოების ღვედი არ ჰქონდა შეკრული. მის უკან მომავალმა პოლიციის პიკაპმა მოქალაქეს ანიშნა, რომ მანქანა გადაეყენებინა (შემთხვევა დიდ ჭყონში მოხდა, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სპეციალური სიგნალებით აღჭურვილი მსუბუქი მანქანებით არ გადაადგილდება), თუმცა, მოქალაქე მოთხოვნას არ დაემორჩილა.
ამის შემდეგ პოლიციამ დევნა განახორციელა და ავტომანქანას გზა გადაუჭრა. როცა პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა და ურჩი მძღოლის მანქანისკენ გაემართა, მოქალაქემ მანქანა ისევგ დაძრა და მოულოდნელად, პოლიციელს დაეჯახა, თუმცა გაქცევა უკვე ვეღარ მოახერხა.
პოლიციელს სერიზული დაზიანებები არ მიუღია - მას პირველადი დახმარება მეწყვილემ აღმოუჩინა. ურჩი მძღოლი დაკავებულია.