
"ფეისბუქის" გვერდზე "ზღაპრები ბატონ ბიძინაზე" ქვეყნდება ამავე სახელწოდების ჩანაწერი "ზღაპრები ბატონ ბიძინაზე" რომელიც საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება.
ბატონი ბიძინა და ქველომოქმედება
იყო და არა იყო რა, ბატონ ბიძინაზე უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ბატონი ბიძინა, ბატონი ბიძინა დიდი ქველმოქმედი ვინმე იყო, სხვები თუ წლობით ქველმოქმედებდნენ, ბატონი ბიძინა საუკუნეობით ქველმოქმედებდა.
დღე არ გავიდოდა, რამე არ ექველმოქმედა. ერთხელაც გაიღვიძა დილით ბატონმა ბიძინამ და ვერ იქველმოქმედა, რა არ იღონა, რა საშუალებას არ მიმართა, წამლებიც დალია, საქველმოქმედო ზეთიც ყლაპა, მაგრამ ვერა და ვერ ქველმოქმედებდა. დაუძახა ნაზირ-ვეზირებს და შესჩივლა:
- ჩემო ნაზირ-ვეზირებო, აგერ უკვე რამდენი ხანია არ მიქველმოქმედია ასე თუ გაგრძელდა შეიძლება მოვკვდე კიდეც...
- თქვენს ფულს ვის უანდერძებთო - გააწყვეტინა ერთმა უერთგულესმა ნაზირმა.
მაგრამ ბატონმა ბიძინამ არ შეიმჩნია და განაგრძო:
- თუმცა საქმე აქამდე არ მივა და მე უახლოეს დროში ვიქველმოქმედებ, უბრალოდ სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე... ადრე როცა მე ბატონი ბიძინა არ ვიყავი სულ სუფთა ჰაერზე მიწევდა ქველმოქმედებაო.
რაღას იზამდნენ ნაზირ-ვეზირები? ჯერ გაუკვირდათ, ნუთუ ისეთი დროც არსებობდა, ბატონი ბიძინა რომ ბატონი ბიძინა არ იყოო, მერე ჩვეულებისამებრ ხელზე ემთხვივნენ ბატონ ბიძინას, იცოდნენ რომ უყვარდა და ბოლოს სუფთა ჰაერზე გაყვნენ. განა რა იქნებოდა იმაზე ლამაზი და ამაღელვებელი სანახავი, თუ როგორ ქველმოქმედებდა ბატონი ბიძინა.
მიდის ბატონი ბიძინა ქუჩაში უკან ნაზირ-ვეზირები მიყვებიან. ხელში ქაღალდები აქვთ გამზადებული, უცებ რომ მოიქველმოქმედოს ბიძინამ საბუთები რომ გააფორმონ, მიდის და მიყვებიან მიდის და მიყვებიან, ბატონი ბიძინა კი ვერა და ვერ ქველმოქმედებს.
უეცრად ვიღაცამ დაიძახა: ბატონი ბიძინა ქველმოქმედი არ ყოფილაო. შეეშინდა ბატონ ბიძინას და შიშით მოიქველმოქმედა, იმდენი, იმდენი რომ გახარებული ნაზირ-ვეზირები ფურცლებს ვერ აუდიოდნენ.
აი ასეთი იყო ბატონი ბიძინა - როცა ეშინოდა, მაშინაც კი ქველმოქმედებდა.
ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა..."