შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პატრულს მიერ რამდენიმე ადამიანის გადარჩენის ფაქტს ასაჯაროებს.
„რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გორგასლის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დიდი სიჩქარით მომავალმა ჯიპმა ჩაუარა, ეკიპაჟის თვალწინ ავტომანქანა გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა, ხეს შეეჯახა და მანქანის ძარას ცეცხლი წაეკიდა.
ავტომანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟის წევრები ეკა ერაძე და მისი მეწყვილე ლევან შენგელია სწრაფად მივიდნენ ავტომანქანასთან, სადაც 3 მგზავრი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
ეკა წინა კარის გახსნას შეეცადა, თუმცა ის შეჯახების შედეგად დეფორმირებული იყო. მან ჯერ სალონის უკანა სავარძელზე მყოფი ორი დაშავებული მოქალაქე გადმოიყვანა, ხოლო შემდეგ წინა კარის ფანჯრიდან მეწყვილესთან ერთად შეძლო უგონოდ მყოფი მოქალაქის გამოყვანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სამივე მგზავრის გადარჩენა მოახერხეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს" - წერს ნინო გიორგობიანი.