
მამა ილია ვაშაკიძე გამოცემა „ამბები.ჯი“-ზე მის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე „ფეისბუქის“ მომხმარებელტა კომენტარებს ეხმიანება და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც უარყოფს ჭორებს, რომ ეკლესიიდან განკვეთილია და ძვირადღირებული ჯიპი ჰყავს.
მამა ილია ვაშაკიძე წერს:
„ჩემს სტატიებზე კომენტარებში მეუფე იაკობთან დაკავშირებით ბრალს მდებენ, რომ მე ნაცისტი ვარ. ნაცისტი როგორ უნდა ვიყო, როცა ჩემი სულიერი შვილები 9 წელიწადი არაფრის გამო იჯდნენ "კრიტში" და რუსთავის მე-6-ში. მაგრამ მიუხედავად ამისა მე არც ნაცისტი გახლავართ, არც ქოცისტი, არც იურისტი (იურა ვინაა საერთოდ არ ვიცი), მაგრამ იური გაგარინის ნაცნობობა და იურისტობა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ მეუფე იაკობმა (რომელთანაც მე ევქარისტიულ კავშირში ვარ) ორგზის დაარღვია კანონი თავის საკვირაო ქადაგებაში.
1) დაარღვია 2012 წლის სინოდის განჩინება და მრევლი გაყო ორად. 2) აშკარად დაარღვია საარჩევნო კოდექსი. ერთ-ერთი კანონით იგი უნდა დაისაჯოს. ასე არაა განა? კომენტარებში სიცრუემ ჩემთან დაკავშირებით უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.
1) წერენ, რომ მე თითქოს განკვეთილი ვარ ეკლესიიდან. ეს მტკნარი სიცრუეა ჩემი დაწერილი სიმართლის იგნორში ჩასაგდებად.
2) წერენ, რომ მე მყავს ძვირადღირებული ჯიპი. ეს ხომ საერთოდ. ჯერ განკვეთილი როგორ ვარ, საეკლესიო სასამართლო არ გვაქვს საქართველოში. მერე, ჯიპი საიდან მყავს? დიაბეტიანი კაცი ხანდახან კვირაში სამჯერ ვღებულობ საკვებს.
ჯიპის ბენზინი კი არა, სამი დღეა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი წამალი გამითავდა. მავანნი კი თითის შესახვევად ავსტრია-გერმანიაში დაფრინავენ. ახლა, ამ სტატუსს რომ ვწერ, უწამლობისგან სული მეხუთება... ასეთ სიცრუეებს წერენ ჩემზე. თავად იმსჯელეთ, ვინ ცრუა და ვინ - მართალი. მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში“.