
თბილისის ახლადარჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლებს „იმედის“ ეთერიდან მიმართა.
„მინდა, დავამშვიდო მერიის თანამშრომლები. განსაკუთრებით კვალიფიციური პერსონალი, რომლისთვისაც საქმე უმთავრესია და არა საბოტაჟი და ხელის შეშლა.
ის ვინც, საბოტაჟს დაიწყებს, ჩემს გვერდით ვერ გაჩერდება, ის ვინც საქმის გამკეთებელი იქნება და ვისთვისაც უმთავრესია ქალაქის განვითარება, ის ადამიანები იმუშავებენ. მაგრამ ბევრია ადამიანი, რომლებიც თავის დროზე, სამსახურიდან უკანონიდ დაითხოვეს.
ძალიან ბევრია კვალიფიციური ადამიანი, რომლებმაც ისწავლეს, დაამთავრეს და მიიღეს გარკვეული კვალიფიკაცია და არ მუშაობენ. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შესაბამისი კონკურენტული გარემო იმისათვის, რომ კვალიფიკაციის შესაბამისად მოხვდნენ მერიის სხვადასხვა უწყებებში”, - განაცხადა „პოლიტიკის დროში“ ნარმანიამ.
ახალმა მერმა იმ თანამშრომელთა პრეტენზიებსაც უპასუხა, ვინც მის კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშ აყენებს.
„ის, ვისაც ჩემი კვალიფიკაცია არ მოსწონს და ჩემთან მუშაობას არ აპირებს, შეუძლიათ ხვალვე დაწერონ განცხადებები და მიბრძანდნენ. იმიტომ, რომ როცა პიროვნებასთან და მის კვალიფიკაციასთან ვსაუბრობთ, აუცილებელია, ყველამ საკუთარ თავს ჩახედოს”, - განაცხადა ნარმანიამ.