-
2014-06-28 18:02
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ, გაუკეთა რა კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში საგანგაშო არაფერია.
ყურადღება გაამახვილა რუსი დეპუტატების და დიპლომატების ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზეც და აღნიშნა, რომ მსგავსს განცხადებებში ტრაგიკული არაფერია, თუმცა საჭიროა საქართველოს მთავრობის მხრიდან მოზომილი პოლიტიკა და ქმედებები:
"გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან განხორციელებული ქმედებები, ვიდრე ის, რომ მივბაძოთ ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც მყვირალა განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ რუსეთს ვერ შევცვლით, ამისი ილუზია მხოლოდ ზოგიერთ ხელისუფალს ჰქონდა საქართველოში, რუსეთი არის ძლიერი და დიდი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ბედი იმით, რომ ვეცადოთ მათთან ურთიერთობების დარეგულირებას, დათვი არ უნდა გამოიწვიო საომრად, როცა იცი, რომ შეიძლება მოგერიოს.
"ქართული ოცნება" სულ იმას ამტკიცებს, რომ არ უნდა გადავდგათ წინდაუხედავი ნაბიჯები, არ უნდა გამოვიწვიოთ ძლიერი მეზობელი და თუ ვინმეს სურს იომოს რუსეთთან, ეს გააკეთოს ჩვენს გარეშე, მაგრამ ყველა ევროპული სახელმწიფო გონივრულ პოლიტიკას აწარმოებს ამ სფეროში და სადაც არ აწარმოებენ, იქ მეტია დანაკარგები, ჩვენ არ გვაქვს უფლება ადამიანების სიცოცხლეს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შევუქმნათ საფრთხე, იქმნება ახალი პოლიტიკური რეალიები და იმედი მაქვს ქართველო პოლიტიკოსები ამ რეალიებს ქვეყნის გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად გამოიყენებენ", - აცხადებს ჩაფიძე.