-
2014-10-28 11:50
ზუგდიდში, გორის ქუჩაზე მდებარე სუს-ის აფხაზეთის განყოფილების შენობა 2006 წელს გარემონტდა. სსრ კავშირის დროს იქ ავტოპარკი იყო, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში კი პარტიზანული შენაერთის "ტყის ძმების" ბაზა.
მოგვიანებით შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და იქ კუდ-ის აფხაზეთის განყოფილება გადავიდა. აქვე იყო განთავსებული კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმი. შენობის პერიმეტრზე განთავსდა საყარაულო წერტილები, მორიგეობა დაწესდა როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზეც.
2008 წელს შენობაში შევიდნენ რუსი ოკუპანტები, რომლებმაც გასვლის დროს ის დანაღმეს, თუმცა მაშინ შსს-ს მესანგრეებმა განნაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს და შენობამ ძველი ფუნქცია დაიბრუნა.
აფეთქება შენობის მეორე სართულზე მოხდა. აფეთქების წერტილის გვერდით სუს-ის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს მეორე განყოფილების სამსახურის უფროსის ზვიად ლაგვილავას სამუშაო კაბინეტი მდებარეობს. აფეთქების მომენტში, სავარაუდოდ, ზვიად ლაგვილავას ეძინა - მას ჩამოვარდნილი ე. წ. სინკარი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედრის ამოსაყვანად სპეცტექნიკა გახდა საჭირო. ლაგვილავას ცხედარი ჯერ ქუთაისში ექსპერტიზაზე, შემდეგ კი თავის სახლში გადაასვენეს.
ზვიად ლაგვილავამ შსს-ში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მუშაობდა უბნის ინსპექტორად, მოგვიანებით კი შსს-ს წალენჯიხის განყოფილებაში. 2008 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული გალის რაიონის მიმდებარედ, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში დაიჭრა, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან ერთად წინაღამეს მომხდარი ტერაქტის ადგილზე იყო გასული. მაშინ მომხდარ აფეთქებას წალენჯიხის გამგებელი გია მებონია შეეწირა.

"აფხაზეთის ხმა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს ზვიად ლაგვილავას ოჯახსა და ახლობლებს.
"რუსთავი-2"-ის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრებიდან აღებული ფოტოსქრინებით კარგად ჩანს, რამდენად ძლიერი იყო აფეთქება. ოფიციალური ვერსიით ტერაქტი გამოირიცხა - შს მინისტრის მოადგილემ ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ზუგდიდში აფეთქებიდან რამდენიმე საათში ჩავიდა, განაცხადა, რომ აფეთქება წყლის გამაცხელებელ ავზში ორთქლის დაგროვებამ გამოიწვია. ამ დროისთვის შენობის ფლიგელის დემონტაჟი მიმდინარეობს, რადგან არსებობს მისი ჩამონგრევის საფრთხე.




