23 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება, სავარაუდოდ, „ბიომ“ გამოიწვია: როგორ დაიწყო ამ ნარკოტიკის მოხმარება საქართველოში

Image

კაფე „გალერიში“ 23 წლის ახალგაზრდის დავით ცხაკაიას  გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ე.წ. ბიო გახდა – გამოძიება ამ ვერსიაზეც მუშაობს, საბოლოო სიტყვას კი ექსპერტიზის დასკვნა იტყვის.

 

დავით ცხაკაიას გადარჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე მისი მეგობრები ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ – ექიმებს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

 

ცხაკაია სავარძელში იჯდა და, წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი, შესაძლოა, გულის დაავადება ან ნარკოტიკები, ე.წ. ბიო გამხდარიყო. დავით, იგივე დათუნა ცხაკაია თბილისში ცნობილი კარდიოლოგის გულიკო ჩაფიძის შვილიშვილია.

 

მაშინვე, როგორც კი დათუნა ცხაკაიას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ე.წ. ბიო დასახელდა, სოციალურ ქსელში ამ ნარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით ახალმა ტალღამ იფეთქა.

 

მაგალითად, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც „ბიოს“ მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით მანამდეც გამოირჩეოდა, ახლა პირდაპირ შს მინისტრს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველოში „ბიოს“ გაქრობა მის ნებაზეა დამოკიდებული და რომ ამის გაკეთება 5 სამუშაო დღეშია შესაძლებელი:

 

„მილიონჯერ დამიწერია, მაგრამ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ მინდა კიდევ ერთხელ მივმართო შსს მინსტრს!

 

თქვენს ქვეყანაში ბიო ნარკოტიკი ყრია, ბატონო მინისტრო. ფოსტაა მთავარი პრობლემა და გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ თურმე საკმარისია იქ თქვენი წარმომადგენელი დასვათ. ფულსაც ვეღარ იშოვიან ფოსტაში და ნარკოტიკიც უფრო ნაკლები შემოვა.

 

რამდენიმე უცხოელიც გყოლიათ ქვეყანაში პრობლემა, მაგრამ მათგან ყიდვაც ინტერნეტით ხდება თურმე. ტესტერებიც გქონიათ უკვე, რომელიც ადგენს ამ ბიოს არსებობას ორგანიზმში. მე მესმის, რომ პატარა ხართ ( გარეგნობით არ გეტყობათ) და გამოუცდელი, მაგრამ ეხლა ყველაფერი თქვენს ნებაზეა დამოკიდებული!

 

რას ვგულისხმობ, იცით? პოლიციელმა რომ აღარ გაბედოს, უთხრას სასწრაფოს ბიო აქვს მიღებულიო, გამოძახების დროს! ეხლა თქვენი არჩევანია. თუ შსს მინისტრს მოუნდება, ბიოს ქვეყნიდან გაქრობას 5 სამუშაო დღე ეყოფა.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შესძლებთ და წარმატებებს გისურვებთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას პოლიცია ლობირებს.

 

აი, ფოსტას კი მიხედეთ!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

რა არის „ბიო“? როგორ ხვდება ის საქართველოში? როგორია მისი მოხმარების სტატისტიკა და რას აკეთებდა და აკეთებს შსს ბიონარკოტიკის წინააღმდეგ?

 

ცნობილია, რომ „ბიო“ ცალკე აღებულ ნარკოტიკს არ ჰქვია და მასში, ძირითადად, აბებისა და ფხვნილის სახით შედის სხვადასხვა სახის ნარკოტიკის შემცველი ნივთიერებები.

 

„საქმე ისაა, რომ უცხო ქვეყნის ფარმაკოლოგიური საიტები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ქსელებისა თუ სხვა ინტერნეტწყაროების მეშვეობით საკუთარ რეკლამირებას ახდენენ, ქართველი ახალგაზრდებისთვისაც ცნობილი გახდა. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ორი ასეთი ვებგვერდი გახდა გამოყენებადი.

 

ხსენებული საიტები მყიდველს სთავაზობენ, როგორც მცენარეულ, ასევე ქიმიურ აბებს, ფხვნილებსა და სხვა ნივთიერებებს. მათ შესახებ გამოქვეყნებულია დეტალური ინფორმაციები და მსურველს ნებისმიერი მათგანი შეუძლია უპრობლემოდ გამოიწეროს.

 

საიტი მომხმარებელს სთავაზობს ტოპ პროდუქტის - "კრისტალუსის" მრავალ სახეობას. ოღონდაც, საიტის გახსნისთანავე თვალში მოგხვდებათ მკაცრი გაფრთხილება:

 

"ძვირფასო მომხმარებლებო, გთავაზობთ პროდუქტების ნაირსახეობას. მათი გამოწერისას გაეცანით თქვენი ქვეყნის კანონმდებლობას, გამოგვიგზვნეთ და მხოლოდ მას შედეგ გამოიწერეთ ის პროდუქტი, რომლის გამოყენებაც თქვენს ქვეყანაში კანონმდებლობით ნებადართულია".

 

მიუხედავად ამ კატეგორიული გაფრთხილებისა, არც ერთ ქართველ მომხმარებელს, რომლებმაც გამოიწერეს და მიიღეს კიდეც ნივთიერება, აზრად არ მოსვლია, რომ "კრისტალუსის" შემადგენლობაში შეიძლება ყოფილიყო ნივთიერება, რომელიც საქართველოში აკრძალულ პრეპარატთა ნუსხაში შედის და რომლის გამოყენებაც ქვეყანაში დასჯადია.

 

საიტზე განთავსებულია ნივთიერების ანოტაციაც, რომლის მიხედვითაც, "კრისტალუსი" აბაზანის მარილია და მის შემადგენლობაშია: C და B ვიტამინები, მაგნეზია, კოფეინი, მცენარეული ნაერთები, მინერალები, სოდა და სხვა ნივთიერებები.

 

საიტი გამომწერს მომსახურების სამ სახეს სთავაზობს: 7-14 დღის მანძილზე ფოსტით გამოგზავნას, რისი ღირებულებაც სულ რაღაც 5 ევროა; კურიერის (EMS, Parcel Force) მომსახურებას 2-5 დღეში 40 ევროდ და ექსპრესკურიერს (DHL, TNT, Fedex), რომლით მომსახურებაც 1-2 დღეში 100 ევრო ღირს. ამ თანხებში შედის გზავნილის დაზღვევაც.

 

ეს რაც შეხება გამოწერილი ნივთიერების მიღებას. თავად "კრისტალუსის" ფასი კი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება: 1გx50 - 800 ევრო, 5გx5000 - 20 ათასი ევრო, 3 კგ - 23 ათასი ევრო, 1გx10 - 24 ევრო, 1გx1 - 30 ევრო.

 

ქართველმა ახალგაზრდებმა გამოწერის მეთოდიც შეიმუშავეს. რამდენიმეკაციან ჯგუფში იკრიბება თანხა, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფხვნილს იწერს და თანხას საიტზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე რიცხავს;

 

ნარკოტიკის ამ სახეობების შეძენაში ახალგაზრდებს 1700 ევროს გადახდა უწევთ - 10-10 კოლოფი 1600 ევრო ჯდება, რასაც სწრაფი გზავნილის საფასური 100 ევრო ემატება.

 

თბილისელი ახალგაზრდების მიერ გაჭრილი ეს ახალი ნარკოგზა პოლიციამ 2010 წელს გაშიფრა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში შემოტანილი ერთ-ერთი ნივთიერება "კრისტალუსი" არალეგალურ სტიმულატორს - მეტამფეტამინს შეიცავს, რაც, საქართველოში აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხით, ნარკოტიკულ ნივთიერებათა ჯგუფს განეკუთვნება და მისი მოხმარება საქართველოში დასჯადია.

 

სამართალდამცველებმა "ინტერნეტვაჭრობის" გამო უკვე დააკავეს პირველი მომხმარებლები და როგორც აღმოჩნდა, ხშირ შემთხვევაში, მათ არ იცოდნენ, რომ გამოწერილი პრეპარატი აკრძალულ ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავდა. ახალგზარდები ამ ნივთიერებას იყენებდნენ, როგორც ენერგიის სტიმულატორს.

 

"ინტერნეტვაჭრობით" შემოტანილი მეორე ასეთივე ნივთიერება "ბიო" საკმაოდ ცნობილი ენერგოსტიმულატორია და საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 12 სახეობის ვიტამინისა და 8 სახეობის მინერალთა კომპლექსისგან შედგება.

 

ეს ნივთიერება, რომელიც ბალახეული ნაერთია და რომელიც ქართველ ახალგაზრდებში "ბიოპლანის" სახელითაა ცნობილი, ენერგიის დეფიციტის დროს გამოიყენება. ამ ნივთიერებებს სპორტსმენები დოპინგად გამოიყენებენ და აღსანიშნავია, რომ მისი მოხმარება აქამდე კვალს არ ტოვებდა - ექსპერტიზის ჩატარებისას სისხლში არ "ჩანდა".

 

ექსპერტთა განცხადებით, მსგავსი ტიპის უცნაური წარმომავლობის პრეპარატები ბოლო დროს დიდი რაოდენობით შემოდის საქართველოში და სწორედ ამის გამო, ექსპერტიზის ბიოუროში 2010 წელს შეიტანეს აპარატურა, რომლის მეშვეობითაც, ადვილად დგინდება მისი შემადგენლობა და ის ფაქტიც, მოიხმარა თუ არა სტიმულატორი პირმა. ეს აპარატურა ადგენს "ბიოპლანის" გამოყენების ფაქტსაც.

 

ექსპერტთა განცხადებით, "კრისტალუსი" და "ბიო" სტიმულატორების კატეგორიას განეკუთვნება და მათი ხშირი და არანორმირებული მოხმარება იწვევს ნერვული სისტემის მოდუნებას, გუნება-განწყობის ამაღლებას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, აჩქარებს პულსს, ზრდის არტერიულ წნევას და სხეულის ტემპერატურას, აქვეითებს მადას. შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი (კიდურების კანკალი).

 

აღსანიშნავია, რომ ორივე ნივთიერების ანოტაციაში მკაცრი გაფრთხილებაა: ნივთიერების ზედმეტი დოზით გამოყენება დაუშვებელია. თუმცა, ქართველი ახალგაზრდების აპრობირებული მეთოდით, მას გარკვეული წესით ამზადებენ და შემდეგ გადაჭარბებული დოზით იღებენ, რათა ნარკოტიკული თრობის ეფექტი მიიღონ.

 

ექიმები აცხადებენ, რომ ორივე პრეპარატი, როგორც სხვა სახეცვლილი ნარკოტიკი, იწვევს მძიმე დაავადებებს.

 

ვებსაიტებზე შემოთავაზებული ნივთიერების გამოყენება საქართველოში დასჯადია. ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნით, მასში მეტამფეტამინი შედის და მისი გამოყენება 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირებული ეს დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია“, – გაზეთი „24 საათი“, 2010 წლის მარტი.

 

2010 წლის შემდეგ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ზოგიერთთა მოლოდინის მიუხედავად, არ შენელებულა და ეს მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია.

 

ოღონდ, რა თქმა უნდა, საჭიროა კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები და ბიონარკოტიკებმაც ისეთივე დარტყმა მიიღოს, როგორიც უკვე მიიღო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები სავალალო იქნება, რადგან სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ნარკოტიკების, მათ შორის „ბიოს“ მომხმარებელთა საშუალო ასაკმა ჩამოიწია და 18–დან 15 წელზე ჩამოვიდა.

bio1.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !