
ისინი ისტორიაში სულ სხვა დამსახურებებისთვის მოხვდნენ, თუმცა ამ ცნობილ პიროვნებებს გენიალურობასთან ერთად ადამიანური სისუსტეებიც ახასიათებდათ და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული.
ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) - კოკაინს აღმერთებდა. ამ ნარკოტიკისადმი ინტერესი თავდაპირველად სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე გაუჩნდა. ამბობენ, რომ ამ ნივთიერებამ ფროიდი დეპრესიისგან განკურნა და ბევრად თავდაჯერებული გახადა.
ახალგაზრდა მეცნიერი ყველას ურჩევდა, ნარკოტიკი მოეხმარათ როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ასევე, პრეპარატი ასთმის, საკვების მონელების პრობლემების, დეპრესიის, ნევროზების წინააღმდეგ. წლების შემდეგ, მან კოკაინზე უარის თქმა მაინც მოახერხა, თუმცა ამას ძალიან დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდა.
უკვე სოლიდურ ასაკში მეცნიერს სასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მან კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა, თუმცა დაავადებამ იმდენად დატანჯა, მკურნალ ექიმს, მაქს შურს სთხოვა, სიკვდილში დახმარებოდა. ექიმმა მას მორფინის დიდი დოზა შეუყვანა, რამაც რამდენიმე საათში მეცნიერის სიცოცხლეს წერტილი დაუსვა.
ცნობილი ამერიკელი მხატვარი, პროდიუსერი, რეჟისორი და მწერალი ენდი უორჰოლი (1928-1987) საკმაოდ იშვიათ ნარკოტიკს ეტანებოდა, რომელიც „ადერალის“ (ობეტროლი) სახელწოდებითაა ცნობილი და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.
პრეპარატი ადამიანს ყურადღების სტიმულირებასა და შრომისუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება. სწორედ ამის გამო, პოპ-არტ მოძრაობის საკულტო ფიგურა ობეტროლს ისე ყლაპავადა, როგორც ჩვეულებრივ კანფეტებს, რადგან პრეპარატი ძალიან სწრაფად მოქმედებს, თუმცა ეფექტიც მალე ქრება.
ობერტოლის განუზომელმა მიღებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ენდი უორჰოლი გულის შეტევისგან გარდაიცვალა.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და გავლენიან მუსიკოსს, „ჯაზის შავ მეფეს“ მაილს დევისს (1926-1991) შემოქმედებითი მოღვაწეობისას ჰქონდა პერიოდები, როცა სცენას ხანგრძლივად შორდებოდა და ეს სწორედ ნარკოტიკების გამო ხდებოდა.
კერძოდ, 1950-იან წლებში ის ჰეროინს მოიხმარდა და ნარკოტიკს მხოლოდ 4 წლის შემდეგ შეეშვა.
ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი (1799-1850) - კოფეინის „ბოროტი“ მომხმარებელი გახლდათ.
როგორც ამბობენ, ყოველდღიური ფორმის შესანარჩუნებლად, დღის მანძილზე ონორე დე ბალზაკი მინიმუმ 20 ფინჯან ყავას მაინც სვამდა. მიიჩნევა, რომ სწორედ ყავა გახდა მისი გულის დაავადმყოფების მიზეზი, რამაც 51 წლის ასაკში მოუსწრაფა სიცოცხლე.
თანამედროვეობაში ყავის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას კოფეინიზმი ეწოდება და ტოქსიკომანიის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევა. კოფეინიზმს შეუძლია გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემების სერიოზულად დაზიანება, თავის ტკივილები, ძილის მოშლა, ნევროზულობა და ასე შემდეგ.
ინგლისელი მწერლის, ჩარლზ ლუტვიჯ დოდსონის, იგივე ლუის კეროლის (1832-1898) მოღვაწეობის პერიოდში ოპიუმს ლაუდანუმი ერქვა და მის ნაყენს უამრავი ადამიანი მოიხმარდა, თუნდაც თავის ტკივილის დროს.
როგორც ამბობენ, კეროლს აუტანელი თავის ტკივილები აწუხებდა, რის გამოც ბევრი მიიჩნევს, რომ ლაუდანუმს ის სწორედ ტკივილის გასაყუჩებლად ეტანებოდა.
გარდა ამისა, მწერალი ბავშვობიდან ენას უკიდებდა, რაც ძალიან ანერვიულებდა, ნარკოტიკი კი ამ კომპლექსთან გამკლავებაში ეხმარებოდა.
ედიტ პიაფი (1915-1963) მირფინზე დამოკიდებული სერიოზული ავტოავარიის შემდეგ გახდა, რომლის დროსაც მან ხელი და ორი ნეკნი მოიტეხა. ტკივილების გასაყუჩებლად ის მორფინს შეეჩვია, თუმცა არც სხვა საშუალებებზე ამბობდა უარს.
მით უმეტეს, რომ ავტოავარიამდე სულ ცოტა ხნით ადრე ავიაკატასტროფაში საყვარელი ადამიანი დაეღუპა, რამაც ღრმა დეპრესიაში ჩააგდო და ალკოჰოლსაც მიეძალა. მომღერალმა მკურნალობა დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ.
ამის მიუხედავად, ის სცენაზე მაინც რეგულარულად ჩნდებოდა, მაშინაც კი, როცა კიბოთი მძიმედ დაავადებულს ძალები, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა.
ინგლისელმა ქიმიკოსმა და გამომგონებელმა ჰამფრი დეივმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ აზოტის ქვეჟანგი საშიში საწამლავი სულაც არ იყო, როგორც ამას ამერიკელი ექიმები ამტკიცებდნენ.
როცა პირველი ცდებისას მეცნიერმა ნივთიერებას გემო გაუგო, შეჩერება უკვე ვეღარ შეძლო - აზოტის ქვეჟანგმა იმდენად სასიამოვნო გავლენა მოახდინა, რომ ცდებს ყოველდღიურად იმეორებდა.
ჰამფრი დეივმა მას სახელიც კი მოუფიქრა - „სამხიარულო გაზი“. ერთხელ მეცნიერმა გაზის ხუთი დიდი დოზა შეისუნთქა, გონება დაკარგა დადაახლოებით სამი საათის მანძილზე გათიშული ეგდო.
ამის მიუხედავად, იგი ექსპერიმენტებს მაინც ატარებდა, რის გამოც სერიოზულად დაავადდა და 51 წლის ასაკში გარდაცვალა.