
150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ამ დროის მონაცემებით საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად. 200-ზე მეტი დაშავდა, 80 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ტერაქტის რვა მონაწილე ამ დროისთვის მკვდარია - ამის შესახებ წამყვანი მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები წერენ.
ცნობილია, რომ Bataclan-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ოთხი ტერორისტი-თვითმკვლელი იმყოფებოდა, სამმა შაჰიდის ქამრის აფეთქება მოასწრო, ერთი ტერორისტი კი სამართალდამცველებმა გააუვნებელყვეს - ის ლიკვიდირებულია. ასევე დადგენილია, რომ Stade de France-თან მომხდარი აფეთქებები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა გამოიწვია.
ტერორისტები სამ სხვადასხვა ადგილას, ერთსა და იმავე დროს და შეთანხმებულად მოქმედებდნენ. პარიზში მდებარე ერთერთ კაფეში შეჭრილმა შეიარაღებულებმა ცეცხლი გახსნეს, ხოლო შემდეგ შიგნითაც შეიჭრნენ. პოლიციამ კაფეზე შტურმი ჩაატარა, თუმცა, პარიზის პრეფექტურა აღნიშნავს, რომ კაფეში მოქალაქეები შტურმის დაწყებამდე დახოცეს.
პარიზში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ". მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საფრანგეთის საელჩოებთან მოქალაქეები მიდიან და ყვავილები და სანთლები მიაქვთ. საფრანგეთში საქართველოს საელჩოში არ შესულა ინფორმაცია ტერაქტების სერიის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ.