„ჩვენ ვიწვით! ვიწვით ისევ და ისევ! გვიშველეთ! ჩვენ ვითხოვთ დახმარებას, ჩვენ ვლოცულობთ, რომ გადავრჩეთ! ხანძარი უკკვე მოუახლოვდა ქალაქს! სქელ კვამლში, რაშიც გახვეულია ქალაქი, სუნთქვა თითქმის შეუძლებელია!
ძლიერი ქარი ამტვრევს ხეებს, ამსხვრევს ღობეებს, ხალხი თავშესაფრის გარეშე რჩება... გადაარჩინეთ ჩვენი რეგიონი, ჩვენ ვითხოვთ დახმარებას“, - ჩიტაში მცხოვრებმა ქრისტინა ბაგაინიკოვამ ეს პოსტი ცოტა ხნის წინ დაწერა.
"აი, ეს რუსეთია, ახლა ჩვენ ვიცით, როგორ გამოიყურება ჯოჯოხეთი..." - ესეც ჩიტაში მცხოვრები მამაკაცის პოსტია, რომელიც მერე გადაღებულ ვიდეოსაც დაურთო...
რუსეთში უკვე ქალაქები იწვის. ხანძრის კერები, რომელიც ჯერ რუსეთის ციმბირის ნაწილის დაუსახლებელ, შემდეგ კი დასახლებულ პუნქტებს მოედო და მალე ქალაქებამდე მიაღწია, წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მასშტაბურია. ხანძარმა ბევრგან უკვე შეიწირა ადამიანები.
ამის მიუხედავად, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია და ბეჭდური მედია ძალიან ცოტა დროს უთმობს ამ უბედურების გაშუქებას, მაშინ როცა დაუღალავად და მიზანმიმართულად ატარებენ აგიტაციას „უკრაინელი ფაშისტების“ მოქმედებებზე.
იმის მიუხედავად, რომ ადამიანების ტრაგედია თანაგრძნობას იწვევს, სოციალურ ქსელებში თავად რუსეთის მოქალაქეებიც კი წერენ, რომ ხელისუფლებამ ხანძრის ზონებში მოხვედრილ ქალაქებს, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა.
საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაშველები მოსახლეობას არა ევაკუაციისკენ, არამედ ხანძრის კერების ჩაქრობაში დახმარებისკენ მოუწოდებენ, ხოლო არმია, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დროს ეხმარება მოსახლეობას, არცერთ ქალაქში არ ჩანს - მიზეზი, ალბათ, გასაგებია...