
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისიდან საჯაროდ გამოჩნდება. ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მით უმეტეს, გარდაცვალების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამ დასკვნამდე მისვლა ცალკეული ფაქტების ანალიზის შედეგად თავისუფლად შეიძლება. პირველი და მთავარი ისაა, რომ უკვე გვიან ღამით, პესკოვის მიერ „ასოშიეტედ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოპტიმიზმის ნოტებთან ერთად კონკრეტულმა თარიღმაც გაიჟღერა:
ვლადიმირ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამეკავშირეო ხელშეკრულებას ხელს 18 მარტს მოაწერს - სწორედ ამ დროს დაიბარეს მოსკოვში ლეონიდ თიბილოვი და მისი ამალა. იმავე პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ყაზახეთს მომავალი კვირის ბოლოს ესტუმრება. მანამდე ალექსი ვენედიკტოვმა „ტვიტერზეც“ დაწერა, რომ მისი წყაროს დადასტურებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი 11 მარტს სომხეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
ამასთან, უკვე გარკვეულია, რომ ის სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც მოსკოვის თავზე გამოჩნდნენ, სამხედრო დანიშნულების რადიორეტრანსლეატორებია, რომლებსაც იყენებენ სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი რადიოკავშირის დასამყარებლად შეირაღებულ ძალებთან.
ანუ, პუტინი, უბრალოდ, არ ჩანს, მაგრამ მუშაობს და სახელმწიფოსაც მართავს. მისი „გაუჩინარება“ რომ წინასწარ იყო დაგეგმილი, ამის დამადასტურებელი ფაქტიც არსებობს: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5 მარტის ჩათვლით, პუტინი რამდენიმე დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით ხვდებოდა სახელმწიფო მოხელეებს, მისი პრესსამსახური ამ შეხვედრების პროტოკოლურ კადრებს იწერდა, მაგრამ არ ავრცელებდა, ანუ ინახავდა.
ისინი მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც პუტინი გაუჩინარდა - ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ერთერთი შეხვედრა, რომელიც უკვე პუტინის გაუჩინარების პერიოდში გამოცხადდა შემდგარად, სინამდვილეში 5 მარტს შედგა.
ესე იგი, გამოდის, რომ ვლადიმირ პუტინის დავალებით, ამ შეხვედრებს იწერდნენ და ინახავდნენ. რასაკვირველია, პუტინს წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ 6 მარტის შემდეგ შეუძლოდ გახდებოდა ან ინსულტს გადაიტანდა.
გამოდის, მას გაუჩინარება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და სწორედ ამ დღეებზე უნდა გადანაწილებულიყო „ულუფებად“ ის კადრები და ფოტოები, რაც პრესსამსახურმა შეინახა. ასეც მოხდა.
რა შეიძლება იყოს ვლადიმირ პუტინის გაუჩინარების მიზეზი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. ყველაზე რეალური მაინც მომდევნო კოსმეტიკური პროცედურებია - ანუ რეაბილიტაციისთვის საჭირო პერიოდი. რუსული პრესის ნაწილში, უკრაინულ და ქართულ პრესაში და სოციალურ ქსელებში ატეხილი აჟიოტაჟი, უბრალოდ, გადაჭარბებულია.
ვლადიმირ პუტინის გაუჩინარება პირველი შემთხვევა არ არის. განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში, წინანდელებისგან განსხვავებით, პრეზიდენტებთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. გაუჩინარების პროცესი სხვადასხვა დროს დაახლოებით ისეთსავე აჟიოტაჟს იწვევდა, როგორიც ახლა გამოიწვია, თუმცა, ყველა ჯერზე ვლადიმირ პუტინი ჯანმრთელი და უვნებელი უბრუნდებოდა პუბლიკას. შეიძლება ითქვას, რომ ამით ის ერთობა კიდეც და დასცინის მათ, ვინც მის ავადმყოფობაზე ან სულაც, გარდაცვალებაზე ოცნებობს:
„ინფორმაციის გავრცელება ჩემი ავადმყოფობის შესახებ ხელს აძლევს გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში, რომლებიც ქვეყანაში არეულობაზე ოცნებობენ“, - ეს ირონიული კომენტარი ვლადიმირ პუტინმა ერთერთი ადრინდელი „დაბრუნების“ შემდეგ გააკეთა. სავარაუდოდ, ამავე შინაარსის იქნება ახლანდელი კომენტარიც, მომავალი კვირის ბოლოს, ან სულაც უახლოეს მომავალში.
ლაშა ბერულავა