საღამოს, დაახლოებით 23:00 საათის მონაცემებით რუსული რუბლის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში ამ ნიშნულზე დადგა: USD/RUB 47,28; EUR/RUB 59,1456
სპეციალისტები და ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსული რუბლის ამგვარი ვარდნა, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს.
პარალელურად, ნავთობზე ფასების ვარდნამ რუსეთის ეკონომიკას, შესაძლოა, დამატებითი პრობლემები შეუქმნას. ამას თავად რუსეთის მთავრობის წევრებიც აღიარებენ. მაგალითად, რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის განცხადებით, რუსული ეკონომიკა რეცესიაში შევა, თუ ბარელი ნავთობის ფასი სამოც დოლარამდე დაეცემა, ხოლო აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით სანქციებს გაამკაცრებენ.
2009 წლის შემდეგ რუსეთში მინიმალური ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას გააკეთა განცხადება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი 2015 წლიდან სტაგნაციაში შევა.
„მოგვიწევს, უფრო მკაცრად მივუდგეთ ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ხერხი კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებლად. საბიუჯეტო სტრატეგია არსებულ სიტუაციას უნდა მოერგოს, ასევე აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა.“ - განაცხადა სილუანოვმა.
მან ასევე დაამატა, რომ ნავთობის ფასების ვარდნა ისეთ დიდ ზიანს ვერ მიაყენებს ეკონომიკას, როგორც 2008-2009 წლებში, და რომ ახალ პირობებთან მორგებით შესაძლებელი იქნება ეკონომიკური ზრდის მიღწევა.
ცენტრალური ბანკის მმართველის, ელვირა ნაბიულინას თქმით, რუბლის გადაცვლის კურსი პირდაპირაა დამოკიდებული ენერგეტიკული რესურსების საექსპორტო ფასებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსული ეკონომიკა შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, არახელსაყრელ პირობებშიც კი.