რომელი ქვეყნების ბიზნეს-აქტიურობაა მოსალოდნელი ოკუპირებულ აფხაზეთში?

Image

"რეზონანსი" (ელზა წიკლაური) აქვეყნებს სტატიას ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოური კომპანიების მხრიდან ბიზნეს-საქმიანობის შესახებ, სადაც აფხაზეთში არსებულ ვითარებას აღწერს.

 

"რუსული ბანკების, ტურისტული და სამშენებლო კომპანიების გარდა, აფხაზეთში ბიზნეს-საქმიანობის დაწყებას არც ზოგიერთი სხვა უცხოური კომპანიები ერიდებიან. სოხუმში ამბობენ, რომ ”ქვეყანაში ინვესტიციების ჩადების სურვილი ბევრ უცხოელ ინვესტორს აქვს. ზოგი ამას აკეთებს, ზოგიც კი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ამას ვერ ახერხებს”.

 

აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მათ საინვესტიციო და კომერციული წინადადებებით სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს-სუბიექტები მიმართავენ. საუბარია სერბულ, იაპონურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, თურქულ კომპანიებზე, საიდანაც უმეტესობას ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთში აქვთ გახსნილი.

 

იმის გამო, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, ქართული მხარის მიერ იქ არსებული ვითარების დაზუსტებით შესწავლა პრაქტიკულად, შეუძლებელია. მოქმედებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიც, რომლის მიხედვითაც როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით აკრძალულია.

 

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი და თურქეთი არიან. თუმცა, როგორც აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, აფხაზეთში საქმიანობის დაწყება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც სურთ. აქვე დასახელებულია კონკრეტული კომპანიები, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლებას საინვესტიციო და კომერციული საქმიანობისთვის მიმართეს: სერბული ”გრანდ ეკო აგრარი” და ”აგროექსიმი”; ჰოლანდიური ”ჰოპმა ბაუტექნიკი”, იაპონური და ევროპული სამშენებლო ტექნიკის კომპანიები ”კუბოტა” და ”ეუროქომაჩი”; თურქული ”ოზთურქ ბოია” და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა კომპანიას იურიდიული მისამართის გრაფაში რუსეთის ტერიტორია აქვს მითითებული.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა კომპანიამ დე ფაქტო ხელისუფლებას საკუთარი ბიზნეს-წინადადებით ბოლო თვეებში მიმართა. უფრო ადრე კი აფხაზეთში ბიზნესის დაწყებით სხვა კომპანიებიც იყვნენ დაინტერესებული. მაგალითად, ”ბენეტონმა” სოხუმში მაღაზიაც კი გახსნა, რომელიც თბილისის პროტესტის შედეგად დაიხურა. ასევე საუბარი იყო აფხაზეთში იტალიური ”კოკო აგრიფუდის” შესვლაზე. მაშინ სოხუმში კეთდებოდა ხმამაღალი განცხადებებიც, ინფორმაცია აფხაზურ მედიაშიც ვრცედლებოდა, თუმცა, დღეს ამ თემაზე ინტერნეტ-გამოცემებში კონკრეტული ინფორმაცია აღარ ვრცელდება.

 

ასევე უცნობია, დაიწყო თუ არა საქმიანობა ფინურმა ხის სახლების მწარმოებელმა კომპანია ”ჰონკამ” ოკუპირებულ რეგიონში. არადა, ადრე ”ჰონკამ” და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სადისტრიბუციო შეთანხმებასაც კი მოაწერეს ხელი.

 

”ჰონკამდე” აფხაზეთსში უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესება რუსულმა ”ვნეშეკონომბანკმა” გამოთქვა. თუ აქამდე რუსულ დახმარებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნული ბანკის გავლით იღებდა, დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ”ვნეშეკონომბანკი” გაგრის ახალი დასასვენებელ-გასართობი კომპლექსის აშენებასაც დააფინანსებს.

 

ამასთან, აფხაზეთში ბიზნესის დაწყებით და ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულები იყვნენ ებრაელი ბიზნესმენებიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი სიტუაციის შესასწავლად ადგილზეც კი იყვნენ ჩასულები, თუმცა ჩადეს თუ არა ფული ებრაელებმა აფხაზეთში, უცნობია. აფხაზეთში ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სტატია გამოაქვეყნა ”ფორბსმაც”. ამ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ”როდესაც ქვეყანას არ აღიარებენ, სხვა ქვეყნის კომპანიები ოფიციალურ ურთიერთობებზე უარს ამბობენ”.

 

”მუდმივი გაუგებრობა გვაქვს აქციონერებთან. მათ უნდათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, მაგრამ რადგან ჩვენ დასავლეთისგან არ გვაქვს აღიარება, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ლეგალური ხერხი მოწყობილობების ჩამოტანის არ არსებობდეს. მაგალითად რზ-მ ოფიციალურად გააგზავნა ”აკვაფონის” კონტაქტები თბილისში. საჭირო გახდა შუამავლების მსოფლიო ბაზარზე მოძებნა”,-ამბობს აფხაზეთში მოქმედი მობილური კავშირის კომპანია ”აკვაფონის” უფროსი ”ფორბსთან” საუბრისას.

 

ამავე სტატიის მიხედვით, 2010 წელს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აუკრძალა კომპანია ”ნოკიას” აფხაზეთის მობილური ოპერატორების მოწყობილობის შეტანა. ჩინელებთან მოლაპარაკება უფრო მარტივი აღმოჩნდა - ”ჰუავეის” არ აღმოაჩნდა ღია აკრძალვა აფხაზეთთან თანამშრომლობაზე, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ამ თანამშრომლობის აფიშირება არ მომხდარიყო.

 

”აფხაზი მეცენატი, ტაიფუნ არძინბა თურქულ ”ნუჰ ცემენტო”-სთან ერთად მოიპოვებს ნახშირს ტყვარჩელის სიახლოვეს. აფხაზეთიდან ნახშირის მოპოვება განსაკუთრებულ რისკს ქმნის. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო ცდილობს გემები ხელში ჩაიგდოს. სამჯერ წაგვართვეს. გამოსასყიდს ითხოვდნენ, მოგვიწია 1,5 მილიონი დოლარი ჯარიმა გადაგვეხადა”, - ამბობს არძინბა.

 

”ყოველ ჯერზე ქართველები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გემებს არ აბრუნებდნენ. ახლა არძინბას ნახშირი ტუაფსეს გავლით გადააქვს, რის გამოც 300 მილის ზედმეტად გავლა უწევს” - აღნიშნულია ”ფორბსის” სტატიაში.

 

კონკრეტულად რომელი უცხოური კომპანია მოღვაწეობს აფხაზეთში - ამაზე დეტალური ინფორმაცია თბილისში არ აქვთ. თუმცა, როგორც ექსპერტი აფხაზეთის საკითხებში და ”ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს, აფხაზეთში დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ათეულობით კომპანია საქმიანობს.

 

მისივე თქმით, დღეს აფხაზეთში რუსულის გარდა, თურქული, ინდური, იტალიური, ავსტრალიური, ჩინური, ტაილანდური და სხვა უცხოური კომპანიები მოღვაწეობენ. ექსპერტის განცხადებით, ისინი იქ ბიზნესს როგორც საკუთარი სახელმწიფოს, ასევე საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით აწარმოებენ.

 

”აფხაზები უცხოური კომპანიებისგან ითხოვენ, რომ მათ იქ საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნან, თუმცა, კომპანიები, გასაგები მიზეზების გამო, ამისგან თავს იკავებენ. ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის შემთხვევაში, მათ საქმის კურსში საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩააყენონ. ეს არ აწყობთ. ამიტომ მუშაობენ ფარულად და იყენებენ როგორც რუსეთის, ასევე თურქეთის პორტებს”, - განაცხადა დავითაიამ.

 

მისივე თქმით, უცხოური კომპანიები, მათ შორის რუსულიც და თურქულიც, ძირითადად ხე-ტყის ბიზნესით არიან დაკავებულები. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთიდან, კერძოდ კი აიბგას მთიდან შავი მარმარილოს გატანა. გაგრაში სასტუმროებს ფლობენ რუსული და თურქული კომპანიები. არადა, საქართველოს კანონით ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა.

 

აღნიშნული კანონი კრძალავს საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, აგრეთვე საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვებს. ასევე აკრძალულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა და ფულადი გადარიცხვები.

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და სპეციალური თანხმობით, რომელიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით გაიცემა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, დეოკუპაციას ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

 

დავითაიას თქმით, მარტო კანონის არსებობა საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედი საქართველოს წარმომადგენლობა, როგორც საელჩოები, ასევე საკონსულოები უფრო გააქტიურდნენ. ბიზნეს-სტრუქტურებს კარგად უნდა გააგებინონ, რომ აფხაზეთში ბიზნესის დაწყება საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით არის სერიოზული დანაშაული და კანონდარღვევა.

 

პოლიტოლოგისა და ისტორიკოსის გია ანჩაბაძის ინფორმაციით, აფხაზეთში ბიზნესი ძირითადად რუს ბიზნესმენებს და თურქებს აქვთ. თუმცა, კონკრეტულად რამის თქმა, განსაკუთრებით თურქ ბიზნესმენებთან მიმართებაში შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია, იმის დადგენა, თუ კიდევ რომელი ქვეყნის ბიზნესი მუშაობს იქ.

 

”რაც შეეხება თბილისთან ურთიერთობას, გეტყვით, რომ აფხაზებთან ეკონომიკური ურთიეროთბის განვითარების შანსი 90-იანი წლების ბოლოს უფრო იყო. დღეს მდგომარეობა შეიცვალა. იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები დაიწყოს, ვგულისხმობ ქართველებსა და აფხაზებს შორის, სხვა პირობებია საჭირო. დღეს ამისათვის არაფერი კეთდება”, - განაცხადა ანჩაბაძემ.

 

ელზა წიკლაური, ”რეზონანსი”

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !