-
2017-03-07 10:29
ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია დახურვას ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო შეუზღუდავს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას.
“ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი.
გადასასვლელების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს. ამგვარი ქმედებები არამხოლოდ ართულებს ადგილობრივთა ჰუმანიტარულ მდგომარეობას, არამედ ნიადაგს აცლის საზოგადოების ნდობასა და რწმენას და აზარალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომელიც კონფლიქტისაგან დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველ მექანიზმადაა აღიარებული.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს აღნიშნული გადასასვლელების გახსნას, რათა ბავშვებს სკოლაში სიარულის, ხოლო მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სავაჭრო საქმიანობის წარმართვის, ნათესავებთან მისვლისა და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მიეცეთ,-" ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია ისიც, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში."- ნათქვამია განცხადებაში.