-
2014-11-24 10:18
„პოსტსკრიპტუმში“ ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმა მოამზადა სიუჟეტი თბილისში ჩატარებულ ფესტივალზე სახელწოდებით „კავკასიის რუსული სული“, სადაც ავტორმა ჩვეული მწარე იუმორით მიმოიხილა შემსრულებელთა და ორგანიზატორთა როლები და ფესტივალის დეტალები.
ნუ ურევთ ერთმანეთში პოლიტიკასა და ხელოვნებას - პოლიტიკა, ძირითადად, კულისებია. ხელოვნებაში კი მთავარი სცენაზე ხდება - ყველას დასანახად და გასაგონად.
ბოლო სამ დღეში რუსეთმა ორ ფრონტზე მოგვიგო. მედვედევის კაბინეტმა დაამტკიცა და პუტინს ხელმოსაწერად გაუგზავნა აფხაზეთთან დასადები შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. საქართველომ, როგორც უაღრესად კონსტრუქციულმა მხარემ, ეს დოკუმენტი ზეპირად დაგმო, პარალელურად კი თბილისის შუაგულში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ტაში უკრა ფესტივალს სახელწოდებით “კავკასიის რუსული სული”.
ვალერი სვარჩუკი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნაკლებად აფიშირებული, მაგრამ მნიშვნელოვანი პერსონაჟია. უკვე 10 წელია, ხელმძღვანელობს საქართველოში რუსეთელ თანემემამულეთა კავშირს “ოტჩიზნა”, რომელიც 31 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 2000 წლიდან რუსეთის დუმის თანამემამულეთა საბჭოს წევრია.
„დაგვავიწყეს სიტყვები ხალხთა მეგობრობა. როდესაც საბჭოთა ხალხებს ძმური კავშირი და დიადი რუსული ენა აერთიანებდათ. ამით იწყება ჩვენი ნოსტალგია. 70 მონაწილე ჩამოვიყვანეთ ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, ყაბარდო ბალყარეტიდან, სტავროპოლის მხარიდან და სომხეთიდან.
- ვინ დააფინანსა თქვენი ფესტივალი?
- გვაქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა მხარდამჭერი პროგრამა, მცირე თანხა მოგვცა “როსსოტრუდნიჩესტვომაც”. მაგრამ ფულზე ლაპარაკი ახლა არ ღირს“
გამარჯობა თქვენი. გამარჯობა როსსოტრუდნიჩესტვოს სახელით. ვინც არ იცნობთ - ეს ფედერალური სააგენტო საზღვარგარეთ რუსეთის ე.წ. რბილი ძალის დასამკვიდრებლად დაფუძნდა. თან, ძალიან საინტერესო დროს - 2008 წლის 6 სექტემბერს, როდესაც მოსკოვს საერთაშორისო არენაზე სახის შენარჩუნება ყველაზე მეტად უჭირდა.
მხოლოდ მისი ხელმძღვანელის, კონსტანტინე კოსაჩოვის, სახელის გაგონება კმარა მისახვედრად, რაში ხარჯავს “როსსოტრუდნიჩესტვო” წლიურ ნახევარ მილიარდ დოლარს. ნახევარ მილიარდში კი ერთი კონცერტი, თუნდაც 70-კაციანი, ზღვაში წვეთია
ანატოლი ლობოვი კონცერტის შემდეგ ამბობს: „მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და როსსოტრუდნიჩესტვოს. აპლოდისმენტები!“
კიდევ ერთხელ გამარჯობა თქვენი. ამჯერად, უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით. ლავროვის კანტორა თბილისის ფესტივალის დაგეგმვაში, მონაწილეთა შერჩევაში, ტრანსპორტირებასა და სულიერი სიმაღლის შენარჩუნებაში აქტიურად იყო ჩართული. ესეც ფაქტობრივი აღსარება ბლაღოჩინისგან:
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პიატიგორსკისა და ჩერკესკის არქიეპისკოპოსს წერილი გამოუგზავნა და ფესტივალზე სასულიერო პირის მოვლენა სთხოვა. ასე მოვხვდი თბილისში. იმედი მაქვს, ეს არ იქნება უკანასკნელი ღონისძიება, რომელსაც საქართველოში ჩავატარებთ. ადამიანებს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა - ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი“
ისევ ისე შეყვარებულთა გამოკითხვა ისეთივე პასუხს იძლევა. სტავროპოლელ კაზაკთა ანსამბლიც იმავე გზით შეარჩიეს. ლირიულ-საბრძოლო სიმღერით „ზავტრა უეზჟაიუ ვოევატ“, რომელიც ომგადატანილ საქართველოში, წესით, მტკივნეულად უნდა ჟღერდეს
ვლადიმირ ვისკო: „თბილისში საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი. მერე - ვმუშაობდი. ახლა ფესტივალზე ჩამოვედი ბევრი წლის შემდეგ. არ მიშვებს თბილისი. პოლიტიკური სიმპატიები იცვლება, თბილისი კი დგას. მთაწმინდა“
ესეც მრავალჯერ ნამღერი და გადამღერებულია - თავად კი აღარ უნდათ, მაგრამ თბილისი და საქართველო არ ანებებთ თავს. ოღონდ გგონიათ, მარტო საქართველო ენატრებათ ასე ძლიერ? სომხები ბეწვზე არიან გადარჩენილები, რომ საამაყო ბიბლიური მთა, თუმცა სხვის ტერიტორიაზე მდგომი, მათი ფანჯრიდან ჯერ კიდევ ჩანს. კონიაკით გაბრუჟულ უფროს ძმას, თურმე არარატის ზურგზე მოკიდება და თავისთან გადათრევა სდომებია. ამათ ეს იციან, მაგრამ სომხეთიდან რატომღაც მაინც რუსულად მომღერალი ანსამბლი გამოგზავნეს. სტეპანავანელ ქალთა ჯგუფს რომ „რიაბინუშკა“ ერქვა, ამ აღტაცებაში ჩაკარგული დეტალია. ესეც რუსული სულისა...
ჩრდილოელი ძმა მიჩვეულია, რომ საზღვარზე პრობლემებს არ შევუქმნით. გინდ მთებს მიათრევდეს იქით და გინდ ჩვენი ოკუპაციის კანონის დამრღვევებს მოათრევდეს აქეთ. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ანსამბლ „ელბრუსის“ წევრებს, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში რომ ასეთივე ფესტივალში მონაწილეობდნენ, საზღვრის გადმოკვეთისას არც არაფერი ჰკითხეს. ხელოვნების ამხელა დღესასწაულს, ალბათ, ფორმალობის დაცვა არ ეკადრებოდა.
-აფხაზეთში რომ იყავით, ამის გამო საქართველოს საზღვარზე პრობლემები არ შეგექმნათ?
- არა, არანაირი. საერთოდ არ უხსენებიათ...
საშუალო ასაკის საშუალოსტატისკური ჩვენებურისთვის რუსული სული შორეული ქალის ეშხი და აეროფლოტის ბილეთია 37 მანეთად. და მერე რა რუსეთის ბრალია?
თუკი თავიდანვე ვთანხმდებით, რომ კავკასიას რუსული სული აქვს, ვერასდროს შევთანხმდებით, სუხიშვილებისა და ერისიონისგან ნიჭიერად მოპარული ჩერქეზული ილეთები უფრო ცეცხლოვანია თუ ზოგადად კავკასიელთაგან მოპარულ ჩოხაში გამოწყობილ კაზაკთა დაძახილი. კაცია და გუნება. ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე უსტვენს...
„თბილისო“ - კარგად ცნობილ ამ სიმღერასაც, მთელი გუშინდელი ფესტივალივით, მხოლოდ სახელი აქვს კავკასიური. დბილისოდ ნამღერი კი უკვე რუსული კულტურის ნაწილი გახდა. ძმობა ძმობად, მაგრამ ქართველებს ვიღაცების ვალი, თურმე, ჯერ კიდევ გადასახდელი გვაქვს. გუნდიაევ-კოსაჩოვ-ლავროვის ფესტივალის მშვენება, ჩრდილოეთ ოსეთის დამსახურებული არტისტი, ზალინა ბასკაევა, თბილისზე გადარუსებული სიმღერის ჯგუფურ შესრულებაზე დემონსტრაციულად აღარ გამოვიდა. ოღონდ მერე იუარა, პოლიტიკა არაფერ შუაშიაო
-თქვენც დაგაჯერეს, რომ ქართველები მძინარე ცხინვალს ბომბავენ ხოლმე?
- არა, ადამიანები ყოველთვის პოლიტიკის გარეთ ცხოვრობდნენ. ყველაფერს გადავიტანთ და მეგობრობას გავაგრძელებთ...
კავკასიაში თუ, რუსულის გარდა, სხვა სულის ჭაჭანება აღარ დარჩა, მეგობრობის გაგრძელებას დიდი მოხერხება არ დასჭირდება. სანამ ლავროვებსა და პუტინებს თავი სადმე მაინც მიაჩნიათ უცხოეთში და სამშობლო უსაზღვროდ ენატრებათ, მშვიდობის შანსი გვაქვს. მაგრამ, როდესაც საკუთარი სამშობლო უსაზღვროდ, შენი კი უსაზღვრებოდ ენატრებათ, ცეკვასა და თამაშს აღარავინ გაკმარებს...
"რუსთავი-2", თენგიზ გოგოტიშვილი