-
2014-09-03 22:12
შსს აცხადებს, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია, თუმცა, მის ვინაობას არ ასახელებს, გავრცელებული ინფორმაციით კი ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია.
იგი სასჯელს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა, რადგან წლების წინ ადამიანს დანით 32 ჭრილობა მიაყენა. გ.ო-ძე ციხიდან უდოს კომისიის დასკვნის საფუძველზე რამდენიმე თვის წინ, მანანა კობახიძის წარდგენით გაათავისუფლეს.
მანანა კობახიძე „პირველთან“ ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილი უდო-ზე წარადგინა, თუმცა ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, ჩაიდინა თუ არა მან ზემოთხსენებული მკვლელობა. მანანა კობახიძის განცხადებით, ის ნამდვილად იყო ო.-ძის ადვოკატი, ოღონდ არა იმ საქმეზე, რისთვისაც ის სასჯელს იხდიდა, არამედ ციხეში და სამკურნალო დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის გამო.
მისი თქმით, იგი ეჭვმიტანილი ოქროპირიძის ადვოკატიც იყო მაშინ, როდესაც ოქროპირიძე ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული და 16-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
„მე მომმართა მისმა დედამ მას შემდეგ, რაც ის ციხეში აწამეს, უმძიმეს მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ რამდენადაც მახსოვს, მძიმე ჭრილობები ჰქონდა, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ე.წ. სამკურნალო დაწესებულებაში. მაშინ ვაწარმოებდით ასეთი ტიპის საქმეებს და პატიმართა უფლებებს ვიცავდი“, - განუცხადა „პირWელს“ კობახიძემ.
„ვიცოდი ბიოგრაფიიდან, მისი დედის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციიდან, რომ ეს ბიჭი იყო სპორტსმენი და უნდოდა დაბრუნებოდა პატიოსან ცხოვრებას და სპორტს. იგი ასევე ეძებდა სამსახურს და ასეთი კუთხით ვიცნობდი ამ ადამიანს.
მის შემდეგ ქმედებებზე და ცხოვრებაზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. ძალიან სამწუხაროა, ადამიანი, რომელიც წარსულში იყო ნასამართლევი, თუ ის ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული“, - ამბობს მანანა კობახიძე.