
როგორც გაზეთი „პტაიმტაიმი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა მიმდინარე წლის მარტში დაანონსდა, პროკურატურა დუმილს ამჯობინებს.
ამასობაში კი ვერსიების გაცვლა-გამოცვლა არ წყდება. ერთ-ერთი ვერსიით, საკითხი ზურაბ ჟვანიას ტუჩზე მიყენებულ დაზიანებას ეხება.
ზოგიერთი ინფორმაციით, ეს უნდა იყოს ძალადობის კვალი გარდაცვალებამდე, ზოგი მუშტით მიყენებულ ნაჭდევზე საუბრობს, ზოგმა კი ამ დაზიანებაში ელექტროშოკის კვალიც დაინახა.
თავის დროზე ითქვა, რომ პირადი დაცვა, კობა ხარშილაძე შეეცადა, მისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინა. ამ პროცესში მან კოვზის ტარიც გამოიყენა და სწორედ ამის შედეგია ეს დაზიანება.
„პრაიმტაიმი“ შეეცადა, ხსენებული ვერსია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთან, მაია ნიკოლეიშვილთან გადაემოწმებინა, თუმცა მან კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
„მე ასეთ კითხვაზე, როგორც წესი, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ და კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ვპასუხობ და არავითარ შემთხვევაში ზოგადად. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული სიტუაცია, რასაც კონკრეტული პირი აღწერს.
უნდა ვიცოდე, რას ამბობს ეს პირი – თუ მან ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა, როგორ ჩაუტარა, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რა მდგომარეობაში იყო ის პირი, ვისაც ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარდა... ანუ ხდება ჩვენების გადამოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ვპასუხობ, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ისე მომხდარიყო, როგორც ეს პირი აღწერს.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან, ეს მეტად საექსპორტო კითხვაა, მასზე მე თქვენ ვერ გიპასუხებთ, მგონი, არ მიწყენთ, რადგან ამ შემთხვევაში, თუ ეს ვერსია მართლა არსებობს, თუ ეს ჩვენება ვინმეს აქვს მიცემული, მე, ფაქტობრივად, უნდა მივცე მას „შპარგალკა“ – როგორ უნდა აღწეროს მან სიტუაცია უფრო სწორად“, - აღნიშნა მან.
თუ რა სახის ინსტრუქციას გადიან ის ადამიანები, რომლებიც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს იცავენ, სპაცდანიშნულების რაზმ „ალფას“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, გურამ პაპუკაშვილი საუბრობს:
„პირადი დაცვა იყოფა რამდენიმე წრედ: პირველი წრე, ანუ შიდა, მეორე – გარე წრე და მესამე – აკონტროლებს პერიმეტრს. პირველი წრე არის ის, ვინც ობიექტთან მუშაობს და აკონტროლებს სიტუაციას. ყველა ასეთი პირი წინასწარ სწავლობს ზოგად მედიცინას.
ამ ზოგად მედიცინაში შედის პირველადი დახმარება. იმ შემთხვევაში, რის შესახებაც თქვენ მიამბობთ, თუ პირადი დაცვა პროფესიონალი იყო, მას ყველაფერი უნდა ჩაეტარებინა პროფესიონალურ დონეზე და იქ, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა იყოს რამე დაზიანება.
... პირველ რიგში, ისინჯება გვამი – გაციებულია თუ არა. როცა გაყინულია უკვე, ის ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას აღარ საჭიროებს. 380 ვოლტიც რომ მიუშვა, ვერც ის უშველის. ხელოვნური სუნთქვა შველის, როცა მიუსწრებ და თბილია ისევ სხეული.
შეიძლება არც პულსი ესინჯებოდეს, არც სუნთქავდეს, მაგრამ თუ თბილია, შესაძლებელია უშველოს. მაგრამ, როცა გვამი გაციებულია და სისხლი – შედედებული, დანით რომ დაჭრა, სისხლი მაინც არ გამოვა...
რაც შეეხება კოვზის ტარს, როცა პირს უღებენ, არა მგონია ტუჩი მაგ ადგილას ზიანდებოდეს. აქ არის კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი: როდესაც დაცვამ ობიექტი ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩინა, მას პირველ რიგში სამედიცინო დახმარება უნდა გამოეძახებინა.
და თუ მას ეს არ გაუკეთებია, ეს იმას ნიშნავს, რომ არც არაფერი აღარ იყო უკვე გასაკეთებელი, შესაბამისად, არც ხელოვნური სუნთქვა. თუმცა ჩვენ ახლა იპოთეტურად ვსაუბრობთ, ვინაიდან ძირითადად საუბრობენ იმაზე, რომ ჟვანია სხვაგან გარდაიცვალა და იმ სახლში უკვე მკვდარი მიიყვანეს“ - ამბობს პაპუკაშვილი.