-
2014-08-22 09:22
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე მომხმარებელმა, ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა გუშინ ღამით გაავრცელა ინფორმაცია სასჯელაღსრულების რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ბუნტის დაწყების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რაც ბუნტის დაწყების მიზეზი გახდა. მოგვიანებით გავრცელდა ფოტოები ციხის მიმდებარე პერიმეტრიდან, სადაც ხალხმრავლობა იყო ასახული.
ერთერთი ვერსიით, ხალხმრავლობა ბუნტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია: ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ციხესთან პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების მანქანაც.
თვითმხილველთა თქმით, ციხეში ხმაური ნამდვილად იყო, თუმცა ის ბუნტში არ გადაზრდილა. პატიმართა ახლობლების კომენტარების მიხედვით, ციხესთან სპეცრაზმიც გამოჩნდა, თუმცა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ შესულა და პერიმეტრზე განლაგდა.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე პატიმარი რუსთავის მე-6 ციხიდან სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. რა გახდა ამის საფუძველი, ჯერჯერობით დაუდგენელია, რადგან პატიმართა გადაყვანის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ მოგვიანებით ოფიციალურად უარყო ინფორმაცია ბუნტისა და ციხეში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, დაწესებულებაში სიმშვიდეა და ვითარება სრულად კონტროლდება.
რაც შეეხება ციხესთან მობილიზებულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს, ისინი ციხის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გამოიძახა, რაც ციხესთან პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ - განმარტავენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
