
შსს-ს წარმომადგენლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიასა და განმუხურში, ზღვის სანაპიროზე განთავსებული კარვებიდან აიყვანა რამდენიმე, სავარაუდოდ, რუსი და უკრაინელი ტურისტი, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების გამო.
ამის შესახებ "აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტი, რომელიც თავად გახდა ფაქტის თვითმხილველი, ანაკლიიდან იტყობინება. ერთერთი ვერსიით, ტურისტები, რომლებიც მარიხუანას თავიანთ კარვებში ეწეოდნენ, ნარკოლოგიური ტესტირების ჩასატარებლად ზუგდიდში გადაიყვნეს, თუმცა, სხვა ვერსიით, დაკავებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მათ პოლიციის თანამშრომლებმა "კაზანტიპის" საშვები ჩამოართვეს და ტერიტორია დაატოვებინეს.
შსს-ს მხრიდან ოფიციალური განცხადება ტურისტების დაკავებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ შსს-მ განმუხურის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე დაამონტაჟა.