
ბიზნესმენის მეგობარი პოლიტიკოსები „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში იხსენებენ, რომ პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ბადრიმ მათ უთხრა, რომ მის მოკვლასაც შეეცდებოდნენ.
ამბობენ იმასაც, რომ პატარკაციშვილმა დიდი ფული გადაიხადა საკუთარი უსაფრთხოებისთვის - ჩეჩენ ბოევიკს აღიარებისთვის 250 ათასი დოლარი მისცა, თუმცა, გაცილებით მეტი დახარჯა, მკვლელის კვალისთვის რომ მიეგნო...
როგორც პატარკაციშვილის საარჩვენო შტაბის ყოფილი წევრები იხსენებენ, ბადრის პრობლემები სწორედ მაშინ გაუჩნდა, როცა პრემიერის გარდაცვალების ტრაგიკული ვერსია არ დაიჯერა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის დაიწყო ბრძოლა.
გამოცემასთან საუბარში, ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილი იძულებული იყო პოლიტიკაში წასულიყო და ამით მას უბრალოდ თავი დაეცვა...
„პოლკოვნიკ ჭანკვეტაძისგან მათ მიიღეს ვიდეოჩვენება, სადაც ის აცხადებდა, თუ როგორ აიძულებდა მაშინდელი ხელისუფლება რამდენიმე ოფიცერს გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას.
ბადრი პატარკაციშვილმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ხაინდრავა დაჭერისგან ეხსნა, რასაც წინა ხელისუფლება აპირებდა, მაგრამ ჭანკვეტაძის ჩვენების გამჟღავნების შემდეგ მათ უკან დაიხიეს.
ამ ამბიდან რამდენიმე ხანში ჭანკვეტაზე ქუჩაში მოკლული იპოვეს, თუმცა ეს საქმე დღემდე გახსნილი არ არის.
სხვა შემთხვევასაც იხსენებენ, როცა პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წამყვანი ფიგურების დაკითხვები მასობრივად დაიწყო, მცხეთაში ვინმე მანსურაშვილი დაკითხვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.
პროკურატურაში მისულმა მანსურაშვილის შვილმა ეს ვერსია გააპროტესტა და პროკურატურამ ახლა ის შეიყვანა დასაკითხად, თუმცა, ოფიციალური ვერსიით, დაკითხვის დროს მასაც გული გაუჩერდა...
ამბობენ, მაშინ ეს შემთხვევა გასაჯაროვდა, თუმცა, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია“, - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“.