-
2014-08-10 23:27
დიტო ძაგნიძე, აანალიზებს რა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პროკურატურის დავას საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ, აცხადებს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, როცა განაცხადა, რომ ინფორმაციის გასაჯაროებით სახელმწიფო ინტერესი არ დაზიანებულა.
დიმიტრი ძაგნიძე წერს:
"პროკურატურას პრეზიდენტთან მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით სახელმწიფო ინტერესის დაზიანება არ მოუხდენია" . . . "შინაარსობრივი თვალსაზრისით, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას არ ჰქონია ადგილი, აქ დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს. გამოძიება შესაძლოა სამართალდამცავმა ორგანომ დაიწყოს, განსაზღვროს ეს რამდენად იყო სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და მერე შეწყვიტოს, მაგრამ ეს ფორმალური მხარეა" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განუცხადა.
სამწუხაროდ, ბატონი კახა არასწორ სამართლებრივი შეფასებებს აკეთებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:
"მუხლი 320. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება
1. სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება ან გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, თუ არ არის ამ კოდექსის 313-ე ან 314-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე."
1. სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაცია გარეშე პირისთვის ცნობილი ხდება. ანუ, ბატონი კოჟორიძის სიტყვებით რომ ვთქვათ - "სახელმწიფო ინტერესის დაზიანება", აუცილებელი არ არის. დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს მხოლოდ (1) ქმედებას (გახმაურება), (2) შედეგს (სახელმწიფო საიდუმლოება ცნობილი გახდა გარეშე პირისთვის) და (3) მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და შედეგს შორის.
2. "საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი"-ს დადგომა მნიშვნელოვანია მხოლოდ 320-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის, რომელიც ამგვარ შედეგს მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს და უფრო მკაცრ სასჯელს ადგენს.
3. მიადგა თუ არა მძიმე შედეგი საქართველოს ინტერესებს ეს ის საკითხია, რომელზეც სასამართლომ შეიძლება გასცეს საბოლოო პასუხი. თუმცა, გამოძიების, პროკურატურის ("აქ დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს. გამოძიება შესაძლოა სამართალდამცავმა ორგანომ დაიწყოს, განსაზღვროს ეს რამდენად იყო სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და მერე შეწყვიტოს") და სასამართლოს ("ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას არ ჰქონია ადგილი, აქ დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს") ნაცვლად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გასცა ყველა კითხვას პასუხი."