
პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა. თავად სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ის არ აპირებს დაასახელოს მიზეზი, თუ რატომ შეიწყალა მსჯავრდებული.
„რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა ეს იცის. შეწყალება უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს, როცა ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, კიდევ ერთი მაჩვენებელია, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე ყოველშემთხვევაში, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. იგი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მოგვიანებით „ბათუმელებმა“ დაწერა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი, ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
ის 2015 წელს დააკავეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.