
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამერიკაში ვიზიტისას თავს გადამხდარ ამბებს იხსენებს.
„კონგრესის სასადილოში, სადაც მსოფლიოს ყველა ლიდერი სადილობს, არის ერთი გაყოფილება, სადაც ყოველდღე გამოფენილია მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამზარეულოს ნიმუშები.
იაპონია მარტო მანქანებით კი არა, სუშითაც ამაყობს მსოფლიოს წინაშე. დავკვირდი, რომ ქართული სამზარეულო არ იყო. გამოვიძახე მთავარი მენეჯერი, ვკითხე, რატომ არ გაქვთ ის სამზარეულო, რომელითაც სტალინმა ფაშიზმი გაანადგურა-მეთქი.
დაირცხვინა ამ მენეჯერმა და დამპირდა, რომ აუცილებლად გაითვალისწინებდა. საქმე ისაა, რომ ეს საკითხი ძალიან მოქმედებს, ის კონგრესმენი და სენატორი, რომელიც ქართულ სამზარეულოს მიეჩვია, უკვე დაინტერესდება ქვეყნით, კულტურით...
ატლანტიდან მოვფრინავდი და ჯდომა ძალიან ძნელია ამდენ ხანს, ვიფიქრე გავივლი-მეთქი.
უცებ დავინახე, რომ ჩემს თვალწინ, ჰალსტუხიანი, მსუქანი, სათვალიანი კაცი დაეცა. სასწრაფოდ გამოვათრიე, სადაც თავისუფალი ადგილი იყო, დავაწვინე, ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე, ფეხები ავაწევინე, ბალიში დავუფინე და გაოცებული მიყურებდა, როგორც გადამრჩენს.
ექიმი ვეგონე, მალე მოსულიერდა. ვზივარ ცოტა ხანს და მოვიდა სტიუარდესა და მელაპარაკება. მეგონა, იმ კაცის ჯანმრთელობაზე მელაპარაკებოდა და ვუმეორებ, კარგადაა, კარგად-მეთქი, მაინც აგრძელებდა საუბარს.
მივხვდი, სადღაც მეპატიჟებოდა და გავყევი. დავინახე, თვითმფრინავის შესასვლელში ახალგაზრდა ბიჭი წაქცეულა.
იმასაც იგივე პროცედურები ჩავუტარე და სანამ სტიუარდესები მადლობას მიხდიდნენ, მე ვუთხარი, პოლიტიკოსი ვარ, ექიმი არ ვარ-მეთქი და მესამე კაცის ჩასაკოცნად აღარ დამიძახოთ-მეთქი. სასწაული შემემთხვა რა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ალია“