
14 წლის ლელუკა ვანიშვილი ჯერ ისევ საავადმყოფოში მკურნალობს, იგი 3 ივნისს, საღამოს 11 საათზე გორში ერთ-ერთ სადარბაზოსთან მომაკვდავი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, იგი რომელიმე მაღალი სართულიდან გადმოაგდეს.დაზარალებულს კანაფის ძაფი კისერზე ორჯერ ჰქონდა შემოხვეული, ჩამტვრეული აქვს მენჯის ძვალი, ფეხი, აღნიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები.
გოგონას ოჯახის წევრები ეჭვობდნენ, რომ ლელუკას შეყვარებული გაუსწორდა, რასაც კატეგორიულად უარყოფდა ბიჭის მამა.
თავად დაზარალებული მომხდარს ბუნდოვნად იხსენებს, თუმცა ტვიტმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.
„3 ივნისს, საღამოს 10-ის ნახევარი იყო, სახლიდან გამოვედი და ჩემებს ვუთხარი, დაქალთან, მარიამთან მივდივარ-მეთქი. მაგრამ მარისთან არ წავსულვარ, 9 სართულიანი კორპუსისკენ ჩავისეირნე, იქ უნდა მენახა ჩემი შეყვარებული. ვურეკავდი, მაგრამ ყურმილი არ აიღო.
ჩვენ ხშირად ვხვდებოდით იმ ადგილზე ერთმანეთს. 9 სართულიანი კორპუსის სადარბაზოში შევედი და მეოთხე თუ მეხუთე სართულზე, კიბეებზე ჩამოვჯექი. კაპიუშონი მეფარა თავზე. მარის მივწერე, 15 წუთში მოვალ-მეთქი, ვიჯექი და ისევ ვრეკავდი, მაგრამ ისევ არ აიღო ყურმილი მურადმა.
მერე ჯიბეში ჩავიდე ტელეფონი და ზარები წავშალე. ეს წესად მქონდა, მასთან გაგზავნილ მესიჯებს და ზარებს ვშლიდი. მარისთან გაგზავნილი მესიჯი არ წამიშლია, მაგრამ მითხრეს, რომ ისიც წაშლილი იყო ჩემი ტელეფონიდან, თუმცა მარის აქვს შემონახული...
დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. სკაიპშიც ჩვეულებრივ მემესიჯებოდა, ერთმანეთს ვკითხულობდით.
ბევრს ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ აღვიდგინე, რა მოხდა იქ. გონზე რომ მოვედი, უკვე კლინიკაში ვიწექი. არც რეანიმაციაში ყოფნა მახსოვს. საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა... არ ვიცი, ეს დაზიანებები ვინ მომაყენა, ყელზე თოკიც მქონდა მოჭერილი.
ფეხი მოტეხილი მაქვს და კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდება. ფილტვებიც არ იხსნებოდა თურმე და ოპერაცია გამიკეთეს. ვცდილობ, აღვიდგინო, რა მოხდა, იმედი მაქვს, ყველაფერი გამახსენდება...
რატომ უნდა მომეკლა თავი? ჭორების გამო დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ მერეც ჩვეულებრივ ვმესიჯობდით... უბრალოდ, სკოლაში არ ვკონტაქტობდით. ნახეთ ჩემი მკლავები, ახლაც მეტყობა ხელის ნათითურები, ეს დაზიანებები მე მივიყენე?“ - აცხადებს ლელუკა ვანიშვილი.
„კვირის პალიტრა“