
რამდენიმე დღის წინ მესტიაში შემზარავი დანაშაული მოხდა - 27 წლის გეგი ხაფთანი მეგობარმა, სპარტაკ გოშუანმა სასიკვდილოდ გაიმეტა. გეგი მესტიის აეროპორტის დაცვის თამანშრომელი იყო. იქვე მუშაობდა გოშუანიც. მკვლელობის მიზეზად შელაპარაკება სახელდება.
გარდაცვლილი გეგი ხაფთანის დედა, მანანა ხაფთანი ამბობს, რომ მის შვილს სპარტაკი ეცოდებოდა, რაღაც თავისებური ბიჭია, ჩაკეტილიო და ცდილობდა მხარში დადგომოდა.
„აქამდე მეგონა, გეგის ადამიანის ცნობა არ შეეშლებოდა, მაგრამ შევცდი... მერე გავიგე, რომ იმ ბიჭს ადრეც ჰქონია სხვებთან კონფლიქტი, ვიღაცები დაუჭრია. ეტყობა, გეგი ცდილობდა კარგისკენ შემოებრუნებინა, იმან კიდევ დანა დაარტყა... ის ბიჭი ნასვამი იყო და გეგიმ მას წესიერად მოქცევისკენ მოუწოდა, რაც მან იუკადრისა და შეკამათდნენ...
კიდევ ორი ბიჭი ყოფილა და ერთ-ერთს უთქვამს გეგისთვის, შენ წადი და ამას ჩვენ მივხედავთო. გეგის უთქვამს, გამოუშვით, სპარტაკი მე დანას დამარტყამსო?.. და ზურგი შეუქცევია... ის ბიჭი როგორღაც ხელიდან დაუსხლტათ თურმე და გეგის ზურგში დანა ჩაარტყა...
გეგის მოტრიალება მოუსწრია და უთქვამს, - რას შვები, მკლავო?!. იმან კი კიდევ რამდენჯერმე დაარტყა.... სულ 5 ჭრილობა აქვს ჩემს შვილს. ბიჭებს ჯერ აქაურ საავადმყოფოში წაუყვანიათ, შემდეგ ქუთაისში, მაგრამ ვერაფერმა უშველა...
ახლადშექმნილი ჰქონდა ოჯახი, წლინახევრის ბიჭი ჰყავს...“ - აღნიშნა მანანა ხაფთანმა.
„კვირის პალიტრა“