
პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაშიც საგარეო ურთიერთობათა მრჩევლად გიორგი მარგველაშვილის თხოვნით მივიდა.
„გიორგი მარგველაშვილის თხოვნით მივედი წინასაარჩევნო კამპანიაში საგარეო ურთიერთობათა მრჩევლად, ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, ვსწავლობდით ერთად კიდევაც, შემდეგ მთხოვა, რომ ვყოფილიყავი მისი მრჩეველი, რასაც ვაკეთებდი აქამდე. ჩვენ ვიყავით კიევში, სადაც იყო შეხვედრა ბაიდენთან, პოროშენკოსთან.
კიევიდან დაბრუნების შემდეგ გიორგიმ მთხოვა, რომ წავსულიყავი და მიზეზების შესახებ შემდეგ დამელაპარაკებოდა, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე გავიზიარე მისი თხოვნა და დავწერე განცხადება. დანარჩენი დეტალები ჯერ არ ვიცი. რა კონფლიქტი უნდა მოგვსვლოდა. 40 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
კითხვაზე, გიორგი მარგველაშვილმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერის მოთხოვნით ხომ არ მიიღო, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა: „გიორგი მარგველაშვილს, მგონი თვითონ აქვს იმის უნარი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ჩათვალოს, რა არის მისთვის და კონკრეტულად ამ ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი და ალბათ, არ ეფუძნება ამას, მაგრამ ჩემთვის როგორც გითხარით, მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი. დავილაპარაკებთ ალბათ, მომავალ კვირას და უფრო მეტი დეტალები მეცოდინება“,- აღნიშნა მან.
http://pirveliradio.ge/?newsid=27673