
ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმაზე“ 1 ივნისიდან ახალი სეზონი დაიწყო. მაყურებლებს განახლებული სატელევიზიო ბადე და ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელით.
„აფხაზეთის ხმა“ არ ღალატობს ტრადიციას და ისევ HD ხარისხით წარმოგიდგენთ ქართულად გახმოვანებულ ფილმებს, მუსიკალურ, გასართობ გადაცემებს, რომელთა შორისაა იუმორისტული გადაცემა „კრემისფერი პლანშეტი“ - მისი შეყვარება უკვე მოასწრო მაყურებელმა.
ამას გარდა, სამომავლოდ დაგეგმილია საეთერო ბადეში სხვადასხვა საავტორო გადაცემის ჩასმა. 1 ივნისიდან ყოველ კვირას, 20:00 საათზე, როგორც თვითმმართველობის არჩევნებამდე, ასევე 15 ივნისის შემდეგ ეთერში გავა გადაცემა „სოცშეკითხვა“, რომლის ანალოგი არ არსებობს ქართულ ტელესივრცეში: გადაცემის სტუმრები, რომელთა შორის არჩევნებამდე იქნებიან თბილისის მერობის ძირიტადი კანდიდატები, ხოლო არჩევნების შემდეგ, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, უპასუხებენ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით მათი მისამართით დასმულ სეკითხვებს.
ამასთან, სტუმრებს საშუალება ეძლევათ, გამოჰყონ მათთვის საინტერესო შეკითხვის ავტორი, რომელსაც მობილური ტელეფონი გადაეცემა, ხოლო მოწონების ღილაკით სეზონის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო შეკითხვის ავტორი საჩუქრად მიიღებს ნოუთბუქს. პრიზები „აფხაზეთის ხმამ“ თავად დააწესა.
გადაცემის სტუმრების ვინაობა დაკონკრეტდება „აფხაზეთის ხმის“ ვებ-გვერდზე, მათ სტუმრობამდე. სწორედ ამ გზით, ვებ-გვერდიდან შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვა მერობის კანდიდატებს.
პირველი გადაცემის ანონსის შემდეგ გადაცემის პირველი ორი მონაწილის: კახა კუკავასა და ასმათ ტყაბლაძის მისამართით უამრავი შეკითხვა შემოვიდა, რაც ჩანს კიდეც გადაცემის ჰიპერბმულზე, სადაც გადაცემა სრული სახითაც განთავსდება. „აფხაზეთის ხმა“ გულითად მადლობას უხდის „ფეისბუქის“ ყველა იმ მომხმარებელს, რომელმაც შეკითხვა დასვა.
უყურეთ „აფხაზეთის ხმის“ განახლებულ ეთერს 1 ივნისიდან და დატკბით ხარისხით.
„აფხაზეთის ხმა“