
5 თვის სებასტიან დე-ლა კრუსი, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე, სპეციალურ სავარძელში იჯდა, შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მანქანა, რომელსაც დეიდამისი მართავდა, საცობში გაიჭედა. დეიდამ შეამჩნია, რომ ბავშვმა ცოტა ხანში ტირილი შეწყვიტა, მერე კი მოეჩვენა, რომ ის არ სუნთქავდა.
შემთხვევა მაიამის ერთერთ გზატკეცილზე, აპრილის ბოლოს მოხდა, როცა პამელას, ბავშვის დეიდას, 5 თვის სებასტიანი შინ მიჰყავდა:
"ეს ნამდვილი კოშმარი იყო. სარკიდან დავინახე, რომ საცობში მოხვედრის შემდეგ დაწყებული ტირილი სებამ შეწყვიტა, მერე კი თავი გადაუვარდა და თითქოს ჩაეძინა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ის არ სუნთქავდა და რაღაცამ მაიძულა, სასწარფოდ მემოქმედა", - იხსენებს ბავშვის დეიდა, რომელმაც ავარიული ციმციმები ჩართო, უკანა სავარძელზე გადაძვრა, სებასტიანის მდგომარეობა შეამოწმა და დარწმუნდა, რომ არ ცდებოდა: ბავშვი არ სუნთქავდა.
ამის შემდეგ, როგორც იხსენებს, ქალი მხოლოდ ქვეცნობიერის კარნახით მოქმედებდა: "ირგვლივ ყურისწამღები ხმაური იდგა - მანქანების სიგნალის ხმა, გადაძახილი... არავის ეცალა ჩემთვის. პირველი, რაც გავიფიქრე, 911-ში დარეკვა იყო, მაგრამ ისინი როგორ მოაღწევდნენ?
კილომეტრიანი საცობი იყო გადაჭიმული. ამიტომ მე უნდა მემოქმედა. პირველი, რაც გავაკეთე, მანქანიდან გადმოვედი, სება გადმოვიყვანე, საბარგულზე დავაწვინე, ვუნიავებდი ჰაერს და ლოყაზე ხელს ვუთათუნებდი, თან გამვლელებს ხმამაღლა ვუხმობდი დახმარებისთვის, დროდადრო კი ბავშვს ჩავძახოდი: "სება! სება!" - მას კი არანაირი რეაქცია არ ჰქონდა.
და მაინც, კეთილი ადამიანები გამოჩნდნენ. მოშორებით მდგარი ავტომანქანიდან ქალი გადმოვიდა და პამელასთან მივიდა. როგორც გაირკვა, მას ლუცია ერქვა და მანქანაში ვაჟი ეჯდა, რომელსაც ასევე სებასტიანი ერქვა. ქალის ყურადღება სწორედ პამელას სასოწარკვეთილმა ხმამ მიიპყრო, რომელიც ყვიროდა: "სება! სება!".
ლუცია ქალთან მივიდა, ბავშვს დახედა და მაშინვე შეუდგა საქმეს: ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა: "ეს კოშმარული წუთები იყო. თავდაპირველად ვიფიქრე, ჩემს შვილს აქ ნეტავ ვინ ეძახის-მეთქი და გავიხედე, შეშლილი თვალებით ქალი რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, მას დახმარება სჭირდებოდა.
გადმოვედი მანქანიდან და მასთან მივირბინე. ბავშვს რომ დავხედე, სულ გალურჯებული იყო. რამდენჯერმე ჩავბერე, მასაჟიც გავუკეთე და ისევ დავხედე. შედეგი არ იყო: "სება, გევედრები, არ მოკვდე!", - ვთხოვე მას გულში და ხელოვნური სუნთქვის პროცედურები გავაგრძელე", - იხსენებს ლუცია.
რამდენიმე წუთში ორი პოლიციელი გამოჩნდა, რომლებიც მანქანისკენ მოიჩქაროდნენ. მათაც იგივე გააკეთეს, რასაც ლუცია აკეთებდა - ხელოვნური სუნთქვის პროცედურები და მასაჟი გააგრძელეს. ბოლოს და ბოლოს, სიკვდილთან დაჟინებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო:
ბავშვმა ამოისუნთქა, ხოლო იქვე ჩაკეცილი დეიდამისი და უცხო გამვლელი ქალბატონი, რომელმაც შვილი მანქანაში დატოვა და საშველად მიიჭრა, ერთმანეთს ჩაეკრნენ და აქვითინდნენ... თუმცა, ეს უკვე შვების ცრემლები იყო...
NBC news მიხედვით