
ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც გუშინ, ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციაში მომიტინგეების შეჭრის შემდეგ, სავარაუდოდ, სოხუმი დატოვა, წერს, რომ ძალოვნები სიტუაციას აკონტროლებენ და სახელმწიფოს ერთგული რჩებიან, თვითონ კი უშიშროების საბჭოსთან ერთად მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავს.
“უშიშროების საბჭოს წევრებთან სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარს განვიხილავ. ჩემი და ჩემი კოლეგების მოქმედების მიზანი ერთი იყო - არ დავუშავთ სიტუაციის განვითარება იმ სცენარით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი იქნება.
ადამიანთა დიდი ჯგუფი, მათ შორის შეიარაღებული პირები აფხაზეთის ტელევიზიაში შეიჭრნენ და დაიკავეს. რა თქმა უნდა, დაცვას შეეძლო ადეკვატური ზომები მიეღო, თუმცა რა მოჰყვებოდა ამას, ყველას კარგად ესმის. ეს არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი მოვლენები სამართლებრივ კალაპოტში დავაბრუნოთ. იურიდიულად, რა თქმა უნდა, ეს შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაა.
ძალოვანი სტრუქტურები სახელმწიფოს ერთგული რჩებიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა სიტუაცია დარეგულირდეს. ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ მოვლენები კანონიერი გზით განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, სხვა გზა არც არსებობს“, - განაცხადა ანქვაბმა.