
„ქალაქის სამგზავრო მარშრუტკებში არ დგანან ფეხზე?.. თუ არ გვაცნობეს, ასე ძნელია, უზნაძის ქუჩიდან კახეთის რომელიმე სკოლაში გადაიხედო“, - ასე პასუხობს განათლების მინისტრი „პოსტსკრიპტუმის“ მიერ მოპოვებულ, სასკოლო ავტობუსებთან დაკავშირებული დარღვევების ფაქტებზე.
როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივა სასკოლო ავტობუსების შესახებ, რაც სკოლის მოსწავლეების უფასო გადაყვანას ითვალისწინებდა სკოლაში და უკან, ზოგან უკვე იქცა კორუფციის წყაროდ:
ავტობუსის მძღოლების მიერ მარშრუტის თვითნებურად შეცვლაზე, რაც მათთვის რეისების რაოდენობას ამოკლებს, ბავშვებს კი აიძულებს, სწავლის დაწყებამდე ბევრად ადრე გამოვიდნენ სახლიდან, სიუჟეტი „პოსტსკრიპტუმმა“ მოამზადა.
თვითნებობის გარდა, პრობლემები კიდევ უამრავია: მძღოლები, იმის ნაცვლად, რომ გათვალისწინებული მარშრუტის ბოლო უბნამდე მივიდნენ, ბავშვებს მაგისტრალზე, გზისპირას იბარებენ. ბავშვებს მცხეთასთან სარკინიგზო გადასასვლელის დამოუკიდებლად გადავლა უწევთ. ერთი უბედური შემთხვევა უკვე მოხდა: გოგონა, რომელსაც გზაზე მიკროავტობუსი დაეჯახა, გარდაიცვალა.
თავად ავტობუსები, ზოგან მომსახურე მიკროავტობუსები კი გაუმართავია: „ისე კარგად არ იჭერს ტორმუზები, მაგრამ მაინც ვაჩერებ, ოთხ მეტრზე სადაც უნდა გავაჩერო, იქაც ორ მეტრზე“, - ამბობს მძღოლი. ზოგიერთ მიკროავტობუსში ბავშვები ფეხზეც დგანან, რაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევაა. „ქალაქში არ დგანან ფეხზე, სამგზავრო მიკროავტობუსებში?“, - კითხულობს განათლების მინისტრი.
დიმიტრი შაშკინი, ყოფილი განათლების მინისტრი, რომლის დროსაც სასკოლო ავტობუსების პროგრამა შემუშავდა, წერს:
„განათლების სამინისტროს არაჩვეულებრივი ინიციატივა ჰქონდა, როდესაც სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ავტობუსები დააწესა. ათასობით ბავშვი მთელს საქართველოში ყოველ დღე სახლიდან სკოლამდე და უკან მგზავრობდა ამ ავტობუსებით და ბოლო დროს გახდა ცნობილი რომ ეს პროექტი კორუფციის წყაროდ იქცა“.