-
2014-05-23 22:57
"კვირის თემის" დასასრულს გადაცემის წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა პოლიტიკოსთა დაპირებები გაიხსენა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივლინებებსა და კომფორტში ნაკლებს დახარჯავდნენ და მაყურებელს მოუწოდა, არასდროს დაიჯერონ მსგავსი დაპირებები.
"ალბათ, ყველას გახსოვთ ის კადრები, როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი პირველი ვიზიტით მოსკოვში ეკონომ-კლასით გაფრინდა, მაშინ მან პირობა დადო, რომ ხელისუფლება ეკონომ-კლასით იფრენდა. მოგვიანებით, საპრეზიდენტო თვითმფრინავისა და ვერტმფრენების თემა "ქართულმა ოცნებამ" შესანიშნავად გამოიყენა არჩევნების მოსაგებად.
კიდევ ერთი პოლიტიკოსი "ქართული ოცნებიდან", მანანა კობახიძე 2012 წლის დეკემბერში აცხადებდა, რომ ფრენა იაფადაც შეიძლება, მაგალითად, ბერლინში მიფრინავს და ეკონომ-კლასით გაფრინდება. მხოლოდ გასულ წელს ქალბატონმა მანანა კობახიძემ მარტო მივლინებებში 25.930 ლარი დახარჯა.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ მინისტრებს და დეპუტატებს ფული არ ეკუთვნით, მათ ხელფასიც უნდა ჰქონდეთ და მივლინებებშიც უნდა იარონ, მაგრამ თქვენ გირჩევთ, აღარასდროს დაიჯეროთ დაპირება, რომ პოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო ნაკლებს დახარჯავენ", - დაასრულა პაატა იაკობაშვილმა.
