ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ „ბაიას“ ყოფილ ბაზაზე, სადაც სფფ-ს ბავშვთა ფეხბურთის აკადემია ფუნქციონირებს: დედაქალაქიდან ჩამოსულ ფეხბურთის აკადემიის დირექტორს გიორგი რევაზიშვილს უკმაყოფილო მშობლები ბაზიდან გარეთ არ უშვებენ.
ამის შესახებ „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ზუგდიდიდან იტყობინება. მშობლების უკმაყოფილება ორი თვის წინ გახსნილი აკადემიის დახურვის შესახებ რევაზიშვილის განცხადებამ გამოიწვია.
აკადემიის ფილიალის ადგილობრივი წარმომადგენლები და ბავშვების მშობლები წინასწარ შეკრიბეს და გააფრთხილეს, რომ 15:00 საათზე ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იგეგმებოდა. მშობლებმა წინასწარ არ იცოდნენ, რა საკითხები განიხილებოდა შეხვედრაზე, ხოლო აკადემიის დახურვაზე ინფორმაციის გაგებას უკმაყოფილება მოჰყვა. ბავშვების მშობლები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.
სფფ-ს ფეხბურთის აკადემიის ზუგდიდის ფილიალში დასავლეთ საქართველოდან შერჩეული 40 ბავშვი ირიცხება, ისინი იქ ცხოვრობენ და ვარჯიშობენ. აკადემიის ფილიალის გახსნამდე სფფ-ს ფეხბურთის ფედერაციის წინა დირექტორი ირაკლი ნაკაიძე ამ ფილიალის გახსნას ასე აანონსებდა:
"შევარჩიეთ ზუგდიდში საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ბაზა, სადაც ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებმა იდეალურ პირობებში იცხოვრონ და ივარჯიშონ. გვეყოლება ორი ასკობრივი გუნდი, 2001 და 2002 წლიანების, მათი შერჩევა მოხდება ისეთივე პრინციპით, როგორც ირჩევა ბავშვები თბილისის აკადემიისთვის. თითო ჯგუფში 20 ბავშვი იქნება. რაც შეეხება მწვრთნელების საკითხს, არის რამდენიმე კანდიდატი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ზუგდიდის ფილიალი, რა თქმა უნდა, იმუშავებს ჩვენი ქოლგის ქვეშ, მაგრამ ადგილზეც ეყოლება კურატორი".
აკადემიის ფილიალი სფფ-ს წინა ხელმძღვანელობის ძალისხმევითა და უეფას დაფინანსებით შეიქმნა, ახალმა ხელმძღვანელობამ კი მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
მათე ალანია