
მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე, აიღო თუ არა ე.წ. ციხის კადრების გამო ორი მილიონი, ინაშვილმა ნახევრად ხუმრობით უპასუხა:
„მოგვცენ რა, ეს ორი მილიონი... აგერ, საჯაროდ მივმართავ, მოგვცენ ეს ორი მილიონი, გავალ სტუდიიდან, შემოვალ და საჯაროდ განვაცხადებ... იცით, რა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავეხმარეთ და ორ მილიონს კი არა, 5 მილიონსაც ვიმსახურებთ, მოგვცენ და ჩვენი ტელევიზიის განვითარებას მოვახმართ, სადაც არცერთი რეკლამა არ ჩაიდო ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა სტუდიაში.
ირმა ინაშვილის განცხადებით, გიორგი ბარამიძე რომ ციხეში არ ზის, ეს დღევანდელი ხელისუფლებისა და პირადად, ბიძინა ივანიშვილის ბრალია:
„გია ბარამიძემ მიაკითხოს ფსიქიატრს, მე მას ვურჩევდი. ხოლო იმ განცხადებების გამო, რასაც გია ბარამიძე და სხვა ნაცები, მწამებლები აკეთებენ, ისინი ციხეში უნდა ისხდნენ“, - თქვა ირმა ინაშვილმა.