
დიაკონმა ელიზბარ დიაკონიძემ „კურიერში“ 17 მაისს თბილისში დაგეგმილი მსვლელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ის არა ლგბტ პირების, არამედ „მათი ვნების წინააღმდეგ“ იქნება მიმართული.
ელიზბარ დიაკონიძემ განაცხადა, რომ 17 მაისის აქციაზე მივა ყველა, „ვისთვისაც სულ ერთი არ არის ქართული სულის დაკნინება და პატრიარქის მიერ გამოცხადებული სიბრძნე“, თუმცა, წამყვანის შეკითხვაზე: „შეგიძლიათ თუ არა, გვარები დაგვისახელოთ?“ განაცხადა: „ჩემს გვარს დავასახელებ“.
მისი თქმით, თავად ვაჟებთან ერთად აპირებს მისვლას აქციაზე, რადგან ეს მსვლელობა გვართა დარბაზის მიერაა ინიცირებული და თავად, როგორც გვარის წინამძღოლი, მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად მივა.
დიაკონმა სასულიერო პირებს მიმართა და აღნიშნა, რომ „როცა პოლიტიკური ვიტარება ხელს უშლის ჩვენსა და ჩვენი მრევლის ცხოვნებას, ჩვენ უნდა ჩავერთოთ და მე ყველგან ომახიანად ჩავერთვები, სადაც საქართველოს, ჩემი მამულის ინტერესების დაცვა იქნება აუცილებელი“.
მისივე განცხადებით, თუკი ხელისუფლება არ შეისმენს მოქალაქეების თხოვნას, ის მილიონობით ხელმოწერას მიიღებს. რაც შეეხება 17 მაისის მსვლელობას, დეკანოზი ამბობს, რომ ეს მსვლელობა მიმართულია არა ლგბტ პირების, არამედ მათი ვნების წინააღმდეგ:
„ჩვენ მათ რატომღაც, შელამაზებულად, ლგბტ პირებს ვუწოდებთ. ისინი არიან გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის პირები და ისინი კი არ არიან საზიზღრები, ისინი არიან საცოდავები, ხოლო საზიზღარია მათი ის ვნება... ჩვენ გამოვდივართ არა მათი აქციის წინააღმდეგ, არამედ მათი ამ ქმედების წინააღმდეგ“, - განაცხადა დიაკონმა და აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ წამოეგონ პროვოკაციებს და მსვლელობა მხოლოდ ლოცვითი ხასიათის იყოს.