-
2014-05-12 16:47
როგორც ცნობილი გახდა, ხმის მიცემის წესების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის გამო „ევროვიზია-2014“-ის კომისიამ გააუქმა საქართველოს ჟიურის ექვსკაციანი შემადგენლობის ხმები და საქართველოდან მიღებულ ხმებად მხოლოდ სატელეფონო შეტყობინებით მიღებული ხმები ჩაითვალა.
ამის შესახებ შვედური პრესა წერს. ინფორმაცია განთავსებულია „ევროვიზიის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. ინფორმაციის მიხედვით, კომისიის ეჭვი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს ჟიურის წევრებისგან მიღებული ხმები, ზრდადობის მიხედვით, დაემთხვა იმ მონაცემებს, რომლებიც ხმის მიცემის მომენტისთვის, რეალურ დროში იყო დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მიღებული ხმები ევროვიზიის ფინალურ კონკურსზე ასე გადანაწილდა: უმაღლესი, 12 ბალიანი შეფასება საქართველოსგან სომხეთის წარმომადგენელმა დაიმსახურა, მომავალმა გამარჯვებულმა, კონჩიტამ, 10 ბალი მიიღო და რუსეთის მიერ წარმოდგენილი ტყუპი დები საქართველოსგან 8 ბალით დასაჩუქრდნენ.
"ევროვიზიის" ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ნაციონალური ჟიურის წევრები არიან გიორგი კუხიანიძე, მიხეილ ჭელიძე, ნათია ხოშტარია, ნინო ჩაჩავა და ნანა დაუშვილი.
„აფხაზეთის ხმა“ დაინტერესდა, რა მოხდა „ევროვიზიის“ ფინალურ კონკურსზე და რატომ ჩაითვალა ანულირებულად საქართველოს ჟიურის მიერ მიღებული ხმები. „აფხაზეთის ხმა“ დაუკავშირდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს თინათინ ბერძენიშვილს.
მისი თქმით, ქართული ჟიურის ხმები მხოლოდ ფინალში ანულირდა, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც არ ჰქონდა, რადგან ევროვიზიაზე კონჩიტამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
თავად მიზეზი, რის გამოც ჟიურის შეფასება არ ჩაითვალა, ქართული მხარისთვის ჯერ ცნობილი არ არის:
„გიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რომ ქართული ჟიურის ქულები არავალიდურად ჩაითვალა, თუ რა გახდა ამის მიზეზი ჯერ არ ვიცით, ჩვენ მივმართეთ ამ შეკითხვით ,,EBU-ს“ და ველით პასუხს, თუმცა მსგავსი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც ყოფილა, არ ვიცი, რა არის ახლა კონკრეტული მიზეზი, თუმცა, შესაძლოა, ეს ტექნიკური ხარვეზიც იყოს.
მაგალითად, თუ ჟიურის ხუთივე წევრი, რომელიმე კონკურსანტს უწერს 12 ქულას , შეფასებისას გათვალისწინებულია, ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ხუთივე ერთნაირად ფიქრობდეს, არ ვიცი კონკრეტულად ეს შემთხვევა მოხდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ,,გაქენსელდა“ ჟიურის შეფასება და მხოლოდ სმს–ებმა გადაწყვიტა , სმს–ები კი ჩვენთვის კონფინდენციალურია, თუმცა ,,EBU“-ს ობიექტურობაში ალბათ ეჭვი არავის ეპარება.“– ამბობს „აფხაზეთის ხმასთან“ თინათინ ბერძენიშვილი.