
არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, მძიმე სიტყვები გამოვიყენე, მაგრამ შემდეგ ძალიან კარგად განვმარტე,– განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში".
პრემიერის განცხადებით, მან იმიტომ გააკრიტიკა არასამთავროები, რომ ფარული მოსმენების შესახებ ხელისუფლება მაინც აპირებდა კანონის გამკაცრებას და მისი აზრით, ასეთი აჟიოტაჟი საჭირო აღარ იყო და ქვეყნის იმიჯს ლახავდა.
"მართლაც ვაღიარებ, რომ შეიძლება ძალიან მძიმე სიტყვები ვიხმარე, მაგრამ მე ეს კარგად განვმარტე. მე მათ არ ვუწოდე ძირგამომთხრელები, როგორც ისინი ამბობენ.
მე ვთქვი, რომ მსგავსი კამპანია უბრალოდ იმიჯს ულახავს ქვეყანას და აზიანებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება და სურვილი, ისეთი სისტემა შექმნას, რომლის პირობებშიც უკანონო მოსმენებს ვერავინ შეძლებს.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გავაკრიტიკე აღნიშნული არასამთავრობოები, ისაა, რომ ჩვენ ისედაც ვაპირებდით კანონის მიღებას და არ იყო საჭირო ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.