
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის დირექტორი აბრაამ შმულევიჩი ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც თავის მოსაზრებას აყალიბებს სირიაში, თურქეთის საზღვართან ჩამოგდებული „სუ-24“-ის ჩამოგდებისა და თანმდევი პროცესების შესახებ.
შმულევიჩის აზრით, თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი მიანიშნებს, რომ პუტინის კუნტრუში დასრულდა და რომ „მას, რომელიც ხშირად ციტირებს პიტერის მორალს, კარგად უნდა სცოდნოდა ამ მორალის ერთი პოსტულატი: ვინც ზედმეტად თავხედობს, დარტყმას კბილებში მიიღებს. ჰოდა, პუტინმაც კბილებში მიიღო“.
შმულევიჩი იმ ტერიტორიის განსაკუთრებულობაზეც წერს, სადაც ინციდენტი მოხდა:
„თურქეთის საჰაერო სივრცე არაა პირველი წითელი ზოლი, რაც პუტინმა დაარღვია. მანამდე რუსულმა ავიაციამ დაბომბა სირიელი თურქების (თურქომანების) დასახლებული პუნქტები - აქ ეთნიკური თურქები ცხოვრობენ, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სირიის მოქალაქეები გახდნენ. ისინი თურქეთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან და არანაირი კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არა აქვთ. მათ თვით ასადმაც კი არ ახლო ხელი, თურქების შიშით. და აი, პუტინი იყო ის, ვინც არად ჩააგდო თურქების ინტერესი და იქაურობა დაბომბა, რასაც მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მოჰყვა“, - წერს შმულევიჩი.
ექსპერტი იმ თვალსაზრისსაც ეხმიანება, რის გამოც პუტინმა თურქეთი ტერორისტების ხელშემწყობ სახელმწიფოდ მოიხსენია და რასაც ხშირად მოისმენთ პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსებისა და ელექტორატის მხრიდან: რომ თითქოს თურქეთს, რომელიც ფარულად მხარს უჭერს „ისლამურ სახელმწიფოს“, ხელს არ აძლევდა სირიაში რუსეთის ავიაციის ეფექტური ბრძოლა ISIS-ის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი:
„კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: გუშინ, როგორც იქნა, თურქეთმა გამოაცხადა ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. შეგახსენებთ, აგვისტოში სწორედ თურქეთს ჰქონდა დაგეგმილი სახმელეთო ოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა სირიის ტერიტორიის 30 კმ სიღრმეში გაწმენდა ტერორისტებისგან. ამ ბუფერულ ზონაში, თურქეთის საზღვართან ახლოს უნდა განთავსებულიყო ლტოლვილთა ბანაკები. ეს ოპერაცია რუსეთის ჩარევის შედეგად ჩაიშალა.
და ამ ჩარევის შედეგად, სინამდვილეში, ISIS-მა მიიღო საკმაოდ დიდი დრო, რათა ამოესუნთქა და ძალები მოეკრიბა, რადგან მისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება სწორედ სახმელეთო ოპერაციაა - ფაქტია, ჰაერიდან დარტყმებით მას ვერ დაამარცხებ. ასე რომ, სირიის მოვლენებში რუსეთის სამხედრო ჩარევის შემდეგ თურქების სახმელეთო ოპერაცია გადაიდო.
მაგრამ რახან ახლა თურქეთმა განაცხადა, რომ აპირებს აამოქმედოს ადრინდელი გეგმა და დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, რათა რეალურად ებრძოლოს ISIS-ს, ყველაფერთან ერთად, ეს ჩამოგდებული თვითმფრინავი რუსეთისთვის გაგზავნილი სიგნალია, რომ არ ჩაერიოს და წყნარად იჯდეს“, - წერს შმულევიჩი.