-
2015-11-19 11:11
უკრაინაში, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების ხელშეწყობით, ახალი ჰაკერული ჯგუფი "ხინკალი" ამოქმედდა, რომელიც ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგაა მიმართული. "ხინკალს" საკუთარი ვებ-გვერდიც აქვს და "სკანდალური" დოკუმენტების გამოქვეყნებას უკვე შეუდგა.
ჰაკერული ჯგუფის პირველი სამიზნე ადგილობრივ არჩევნებში სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის ტვ რეკლამებში დახარჯული თანხის გამომზეურება გახდა. ჰაკერული ჯგუფი წერს, რომ საქველმოქმედო ფონდის უკან, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსა და კერძოდ, ტვ "ინტერს" რეკლამების საფასური გადაუხადა, თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები დგანან. გამოქვეყნდა ანგარიშფაქტურებიც, თუმცა, ჯგუფი, საკუთარი მოსაზრების ტირაჟირების გარდა, ვერაფრით ადასტურებს, რომ კამპანიის დროს ფული გათეთრდა.
"ხინკალი" ასევე წერს, რომ სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის ავიაბილეთების შესაძენად ფული ბიუჯეტიდან იხარჯებოდა, თუმცა, გამოქვეყნებულ შეკვეთებში ისევ საქველმოქმედო ფონდის სახელი ფიგურირებს. ნახსენებია ბილეთების შესყიდვა სოფო ნიჟარაძისა და გიორგი ლორთქიფანიძისთვის, თუმცა, ამ საკითხზე დაწყებულმა მოკვლევამ ცხადყო, რომ ბილეთებისთვის ფული არა ბიუჯეტიდან, არამედ კერძო სახსრებიდან დაიხარჯა.
როგორც ჩანს, ზედმეტი მონდომების გამო ჰაკერულმა ჯგუფმა სხვა აგიტჯგუფის მიერ სიცრუის შეგნებული გავრცელებაც ამხილა. კერძოდ, "ხინკალმა" გამოაქვეყნა სააკაშვილის თანაგუნდელების "ფეიბუქზე" გახსნილი ჩატ-ჯგუფის მიმოწერა, სადაც აშკარად ჩანს, რომ მარია გაიდარი და მისი მეგობრები, მათ შორის, მისივე ქმარი, ღიად ხუმრობენ და არასერიოზულად ეკიდებიან რუსული მედიასაშუალებების მიერ ზაფხულში გავრცელებულ ფეიკს თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მარია გაიდარის გაუპატიურების შესახებ: "მაშა, როგორ ცოცხლობ ყოველივე ამის შემდეგ? ალბათ, ძნელია..." - იუმორით ეკითხება გაიდარს მისი მეგობარი, რაზეც გაიდარი პასუხობს: "ქმარს ვერ ვუსწორებ თვალს", ხოლო გაიდარის მიერ ჩატში დამატებული მისი ქმარი წერს: "ნეტა, რამე გამოვტოვე?".
