
იმის გამო, რომ ტერორისტს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატში „AK-74” ვაზნები დაუმთავრდა, პარიზში მომხდარი თავდასხმის ერთერთ ეპიზოდში ბარის სტუმარი ქალი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ვიდეო „დეილი მაილმა“ გამოაქვეყნა და მასზე ბარის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრებია აღბეჭდილი, სადაც კარგად ჩანს თავად შეიარაღებული თავდამსხმელი და ბარის სტუმართა რეაქცია ცეცხლის გახსნის დროს.
ცნობილია, რომ ამ ეპიზოდში გარეთ, მაგიდებთან მსხდომი ადამიანებიდან ხუთი დაიღუპა, ერთერთი მსხვერპლი ვიდეოზეცაა აღბეჭდილი, როცა მას ზურგში ტყვია ხვდება და ბარში შემოდის, შემდეგ კი იატაკზე ეცემა.
ასევე ჩანს ქალი, რომელიც მაგიდის ქვეშ შეძვრა ბარის კარებთან, ქუჩაში, ტერორისტი კი თავზე დაადგა და იარაღი თავში დაუმიზნა, თუმცა, ვერ გაისროლა, რადგან მჭიდში ვაზნები დაუმთავრდა. ამის შემდეგ ტერორისტმა თავდასხმის ადგილი მანქანით დატოვა.
გამოცემა წერს, რომ ეს ქალბატონი ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა თავდასხმის მსხვერპლთა შორის, ხოლო ტერორისტი, რომელიც ვიდეოზე ჩანს, ჯერაც არაა დაკავებული - მან მიმალვა მოახერხა.