-
2015-06-07 22:27
კოლომიისკის მიერ კონტროლირებადი ტვ „1+1“-ზე გასულ ფილმს მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ქართველი გასტროლიორი“, ძირითადად, უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა უკრაინულ მედიაში როგორც ექსპერტების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან.
მათ შორის, ვინც ფილმზე მუშაობის დროს უკრაინელმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს, არ მოხვდა სააკაშვილის გუნდის არცერთი წევრი, სამაგიეროდ, ფილმში გამოიყენეს გია ხუხაშვილის, სოსო შატბერაშვილის, მამუკა არეშიძის, რამაზ საყვარელიძის და სხვათა ინტერვიუები.
ფილმში რამდენიმე ადგილასაა გაჭრილი ერთერთი სამხედრო ჟურნალისტის თემურ კიღურაძის ინტერვიუ, სადაც ის თავდაპირველად ამბობს, რომ სააკაშვილის მუშაობას რეფორმების კუთხით დადებითად აფასებს, რადგან მან და მისმა გუნდმა თანამედროვე საქართველო შექმნეს, ხოლო მის დაბრუნებას პრეზიდენტის სასახლეში არ ისურვებდა, სხვა ადგილას ჟურნალისტი ამბობს, სიფრთხილით მოეკიდებოდა სააკაშვილის კადრების დანიშვნას უკრაინაში, განსაკუთრებით მათ, ვისაც სასამართლო სისტემა უკავშირდებოდა.
ეთერში ფილმის გასვლის შემდეგ თემო კიღურაძემ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ როცა გადამღები ჯგუფი დაუკავშირდა, რათა სააკაშვილის მმართველობის შესახებ ფილმის გადაღებაში დახმარებოდა, მან ყველაფერი გააკეთა და ინტერვიუ ჩაწერა, მაგრამ „იმან, რაც ეთერში გავიდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა“. მისი თქმით, ინტერვიუ, ძირითადად, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და ისე იყო დაყოფილი: „მე ვიცი, ვიზეც მუშაობთ, მაგრამ ეს, უბრალოდ, სირცხვილია, დაე, ეს სიუჟეტი თქვენი პროდიუსერების სინდისზე იყოს, მე კი აქ ბმულს არ დავდებ, რათა ამ სიბინძურის ტირაჟირება არ მოვახდინო“, - წერს კიღურაძე „ფეისბუქში“.
რაც შეეხება სხვ აკომენტატორებს, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ "სააკაშვილი კლასიკური დიქტატორია კარგი მანერებით, ხოლო რამაზ საყვარელიძის თქმით "მან გერმანელი მსაჟისტი გამოიწერა... უყვარს კარგი ცხოვრება". აქვე შეხვდებით სოსო შატბერაშვილის სინქრონს, სადაც ის ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილი ძალიან ჰგავს ლუი მე-14-ს. როგორც მას უყვარდა კარგი ცხოვრება...". ფილმში გამოყენებულია ასევე გოგა ხაინდრავას სინქრონი, სადაც ის ამბობს, რომ თავად მუშაობდა სააკაშვილის ხელისუფლებაში და ფილმში, რომელზეც მუშაობს, ეცდება მსოფლიოს აჩვენოს, რა ხდებოდა იქ შიგნიდან.
"შეტევა სააკაშვილზე... ვინ თქვა, რომ ბრძოლა იოლი და სამართლიანი იქნებოდა?", - ასეა დასათაურებული გლავპოსტ.ქომ-ზე ერთერთი ცნობილი ბლოგერის ტექსტი.
"ასეა თუ ისე, ახლა ბენია მიხოს აპიარებს, ისე, რომ თვითონ ვერც გრძნობს, როგორ ეშვება ფსკერზე. ეს გმირ კოლომიისკის დაისია? შესაძლოა. უკრაინელი მაყურებელი რუსი მაყურებელივით ზომბი არ არის და ასეთი სიბინძურის ნაკადის მიმართ მას იმუნიტეტი აქვს", - წერს ბლოგერი.
ამავე ვებგვერდზეა გამოქვეყნებული სერგეი ლეშენკოს ბლოგი, სადაც ის ანტისააკაშვილისეულ ფილმს განიხილავს. ის ფილმს პროპაგანდისტულ ნაგავს უწოდებს და, როგორც აღნიშნავს, იქედან დამახსოვრებულ ორ მომენტს გამოყოფს:
„სააკაშვილმა აიძულა ადგილობრივი კორუფციონერები, გადაეხადათ ფული ბიუჯეტში, სამაგიეროდ, არ ჩასვა ციხეში. „1+1“-ის სიუჟეტში ამ ყველაფერს დაარქვეს „გადაეხადათ სააკაშვილის პარტიისთვის“.
და მეორე: სააკაშვილი დამნაშავეა, რადგან მან ააშენა და დაამშვენა ბათუმი, იქ გაიხსნა კაზინოები, ხოლო უბედურმა ქართველებმა იქ წააგეს ფული და დაიწყეს თავიანთი ქონების გაყიდვა (კადრში ჩანდა სახლი, აივანზე გამოკრული წარწერით: „იყიდება“).
პრინციპში, ბენა მართალია: მას სჭირდება, შეუტიოს სააკაშვილს და, რაც შეიძლება მალე, რადგან მან თავისი სიმღერა უკვე იმღერა.
პოსტსკრიპტუმი: ველოდები, როდის გაჩნდება კოლომიისკის გვარი ინტერპოლის ძებნილთა სიაში, ადვოკატ კარპენკოს მკვლელობის შეკვეთისთვის, რის შემდეგაც ის ხელში დაიჭერს თავის ებრაულ პასპორტს და შეიზღუდავს მიმოსვლას ახლო აღმოსავლეთთან“, - წერს სერგეი ლეშენკო ბლოგტექსტში.