
„კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მისი კრიტიკის ობიექტები გამოეხმაურნენ.
ირაკლი ალასანიამ ყოფილი პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს მას გამოსვლის ტექსტებს გიგა ბოკერია უწერს, აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებების კეთებას „დეფაქტო პრემიერს“ ურჩევნია ნუ ჩატოვებს სახელისუფლო გუნდს წარსულში და მომავალზე იფიქრონ.
„მოვუწოდებ ივანიშვილს, იფიქროს მომავალზე და არ შეიძლება, წარსულში ჩარჩეს“ - აღნიშნა მან.
ივანიშვილის განცხადებები უკომენტაროდ არც გიგა ბოკერიამ დატოვა.
„ბიძინა ივანიშვილმა ისევ მრავალი სისულელე თქვა. წინა გამოსვლაში ლართან დაკავშირებით, შეურაცხყოფის საკუთარი რეკორდები მოხსნა, როდესაც ხალხს დააბრალა ეკონომიკური პრობლემები და არა საკუთარ გუნდს.
ახლა თითქოს შეეცადა, რაღაცნაირად ეს შეეკოწიწებინა, მაგრამ ისევ მრავალი სისულელე თქვა. ერთადერთი, რაც მან აღიარა, ვიზებზე შეცდომა მოგვივიდაო.
ამ საკითხზე ჩვენ მათ თვეების წინ ვაფრთხილებდით. ახლაც ვეუბნებით, რომ საზოგადოებას ჩვენი გეგმა წარვუგდინეთ, რომლის ნაწილია სავიზო რეჟიმის აღდგენა, მათ შორის ევროკავშირის და შტატების მოქალაქეებთან და ასევე ამ გეგმის ნაწილია უსწრაფესად გადასახადების დაწევა.
საშემოსავლოსი, რომელიც ხალხს ტვირთს შეუმსუბუქებს, დღგ-სი, რომელიც მეწარმეებს შეუმსუბუქებს ტვირთს და აქციზის, რომელიც მთლიანად ეკონომიკაზე იმოქმედებს დადებითად. ამის გარეშე, ჩვენ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად მივექანებით უფსკრულისკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას მართავს პარანოიკი, რომელსაც ბევრი ფობია აქვს, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი ეს არის შიში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
ჩვენ ორი წელია გვესმის გაუაზრებელი საუბრები საბურავებზე და ა.შ. არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ორი წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი დესტრუქციული ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
ქვეყანას ანგრევს არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კრიმინალები გამოუშა ციხიდან. ლარის კურსი დაცემა, ნათესავებს ნიშნავენ თანამდებობაზე და გაუმაძღარი ჩინოვნიკები ჰყავს - აი ეს ანგრევს ქვეყანას", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც პოლიტიკურად გისწორდებიან, შენ ხმა არ უნდა ამოიღო? ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია იმ ძალიან ბიძნურ ბრალდებებზე, იმ ტალახის სროლაზე, რომელიც ხდება სისტემატურად, რომელიც ხდება არა მხოლოდ მათი პირიდან ვინც ტელევიზორში გამოდის, არამედ შეკვეთილი სტატიებით.
ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ნანახი გვაქვს. სწორედ ამას ვებრძოდით და სამწუხაროა, რომ ისევ ამასთან გვიწევს ახლაც ბრძოლა. რომელ „ნაციონალებთან“ თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ არ დაგვიკლია არაფერი, რომ წარმატებული ყოფილიყო „ქართული ოცნება“ 2012 წლის არჩევნებში, რათა მას გაემართლებინა ის იმედი, რაც მოსახლეობას ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მომზადებულია „ინტერპრესნიუსი“-ს მასალების მიხედვით