
დავით კიკალიშვილმა „პოსტკრიპტუმში“ აჩვენა კადრები ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზიდან, რომელიც 2005 წლის 3 თებერვლის დილას არის გადაღებული.
„ვთხოვ ადამიანებს, რომლებსაც სუსტი ნერვები გაქვთ, და ბავშვებს, მოცილდეთ ეკრანებს.
ჩვენ ახლა გაჩვენებთ კადრებს, რომელიც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის დროს არის გადაღებული - 2005 წლის 3 თებერვლის დილით.
ვიდეომასალა, მას შემდეგ, რაც გუშინ ადვოკატებმა გააკეთეს განცხადებები, ჩვენ მოგვაწოდა ჩვენმა წყარომ, და როგორც გაირკვა, ეს კადრები სრულიად არ არის საიდუმლო.
ირკვევა, რომ ეს ვიდეო აქვს ადვოკატებსაც და რა თქმა უნდა, პროკურორებსაც; ის საქმის მასალებში დევს. ეს მას შემდეგ გავარკვიეთ, რაც კადრების კომენტირება ვთხოვეთ ადვოკატ გელა ქენქაძეს (ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამიას ადვოკატი).
მან გვითხრა, რომ ნანახი აქვს ეს ვიდეო და რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, ის საუბრობს იმ დაზიანებაზე, რომელიც ზურაბ ჟვანიას ტუჩზე ჰქონდა შიგნიდან“, - ასე დაიწყო თემაზე სუბარი „P.S.“-ის წამყვანმა.
კადრებშიდან ჩანს, რომ ექსპერტიზაზე იმყოფებოდა ექსპერტი ლევან ჩიჩუა.
„თქვენ რომ ნახოთ ექსპერტიზის ეს ვიდეოკადრები, ნახავთ, რომ ტუჩზე აქვს მცირე დაზიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, მიყენებული აქვს სიკვდილის შემდეგ, რადგან არ არის გამოსული არც ერთი წვეთი სისხლი.
რაც შეეხება თავზე დაზიანებას, როგორც ზურაბ ჟვანიას ძმა იძახის, მას თავზე ჰქონდა დაზიანება. სინამდვილეში, ამ ადგილას (წინა მხარეს) ზურაბ ჟვანიას არ ჰქონდა თმა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ფურცელივით სუფთა თავი აქვს, არანაირი დაზიანება არ არის, რასაც ამტკიცებენ "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებულ ვიდეოში. სინამდვილეში, ის ფოტოშოპით არის გაკეთებული“ - აცხადებს ადვოკატი, გელა ქენქაძე.
რაც შეეხება ექსგუმაციას, რომელიც ოჯახმა მოითხოვა, ადვოკატი ამბობს, რომ ექსგუმაციის საკითხს "თავად ოჯახი აჭიანურებს", რადგან ექსგუმაციით დადასტურდება, რომ არანაირი დაზიანება არ ჰქონდა არც ზურაბ ჟვანიას და არც რაულ უსუპოვს.