
ისტორიას, რომელიც "აფხაზეთის ხმას" ამ ფაქტის თვითმხილველმა უამბო, ამ ბოლო დღეებში ზუგდიდში თითქმის ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზე მოისმენთ. ამბავი ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულ ყოფილ პატიმრებს ეხება.
ერთი 40 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც მშობლიურ ქალაქში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გეგუთის კოლონიიდან, თვითმმართველობის ერთერთ ორგანოში ცნობის ასაღებად მოუწია მისვლა. მამაკაცი უწყებაში დილით ადრე მივიდა და რიგში მდგარი მოქალაქეების რიცხვს შეუერთდა.
თავად ყოფილი პატიმარი ამ ამბავს ასე ჰყვება:
"9 საათიც არ იყო, როცა მივედი. მისაღებში დავჯექი და ნელ-ნელა თანამშრომლებიც მოვიდნენ. სიგარეტის მოსაწევად გამოვედი და ნაცნობი სახე დავინახე, იმანაც მიცნო და მომესალმა - ჩემთან ერთად იჯდა გეგუთში. აქ ვმუშაობო, მითხრა, როცა მოვიკითხე და ბოდიში მომიხადა, სამუშაო საათები იწყებაო, მერე მისი კაბინეტი მიმასწავლა და მთხოვა, ამომიარეო.
მეც, ჩემს საქმეს როცა მოვრჩი, ნაჩვენებ კაბინეტს მივადექი და კარი შევაღე. შევაღე და რას ვხედავ: ამ ჩემს ნაცნობთან ერთად კიდევ სამი კაცია, სამივეს ვიცნობდი, ისინიც ყოფილი პატიმრები არიან. გამიხარდა მათი ნახვა, შინაურულად ვიგრძენი თავი და გავეხუმრე:
-ბიჭებო, არ დაიშალოთ, ქვემოთ ჩავალ, "ჩეფირს" ამოვიტან და მოვხარშოთ, ერთი ადამიანურად ვილაპარაკოთ..."