
საინვესტიციო პროექტებზე წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ბოლომდე ვერ დაიხარჯა. ტვ „იმედი“ დეტალურად აქვეყნებს იმ პროექტების ნუსხას, რომელთა შესასრულებლადაც სხვადასხვა სამინისტრომ თანხა ვერ აითვისა.
ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობისთვის წლის პირველი რვა თვის განმავლობაში გამოყოფილი 124 მლნ. ლარიდან მხოლოდ 116 მლნ.-ის ათვისება მოხერხდა.
რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაიხარჯა 6 თვით გათვალისწინებულზე 59 მილიონით ნაკლები, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას სახელმწიფომ გათვალისწინებულზე 17 მილიონი ლარით ნაკლები მოანდომა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მილიონი ლარით ნაკლები.
საერთო ჯამში, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის მხოლოდ 51%-ის ათვისება მოახერხა.
აუთვისებელი თანხა აქვთ სოფლის მეურნობის, განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს.
„ასეთი შეფერხებები მუდმივად ხდება, მთავარია, ამან არ მიიღოს დიდი მასშტაბები, რომელიც პრობლემებს შეუქმნის ბიუჯეტის ხარჯვას, ზოგადად“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
ეკონომიკის ექსპერტები კი იხსენებენ, რომ თანხის არათანაბარმა ათვისებამ გასული წლის ბოლოს ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია.
„წლის ბოლოს, შესაძლოა, ეს აუთვისებელი თანხა მთლიანად მიიმართოს სამუშაოებისკენ და წლის ბოლოს ასეთი სამუშაოები რომც ჩატარდეს, დიდი ფულის გამოსვლამ, შესაძლოა, ლარის კურსი დააზიანოს“, - ამბობს რომან გოცირიძე.