
ფარერის კუნძულების ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი კინაღამ იმსხვერპლა სანაპიროზე გამორიყული მკვდარი ვეშაპის შიგნეულის ამოფრქვევამ, როცა ის ვეშაპის ლეშის დანაწევრებას ცდილობდა.
ვეშაპი, რომელიც სანაპიროზე ორი დღით ადრე გამოირიყა, ვიდრე მეცნიერები მისი ლეშის დანაწევრებას მოინდომებდნენ, 13 მეტრის სიგრძის იყო. რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა, ცნობილია, რომ მუზეუმმა გადაწყვიტა, ვეშაპის ლეშის დანაწევრების შედეგად გაეწმინდათ და მუზეუმში განეთავსებინათ ზღვის გიგანტური ძუძუმწოვარის ჩონჩხი.
ბიარნი მიქელსემ სპეციალური კოსტუმი ჩაიცვა და ვეშაპის ლეშს მიუახლოვდა, ხოლო იმ დროს, როცა ის სხეულის დანაწევრებას შეუდგა, ვეშაპის შიგნეულში დაგროვილი მეთანის ამოქმედების შედეგად ვეშაპის ლეში „აფეთქდა“.
მეცნიერმა განზე გახტომა მოასწრო, რითაც ზღვაში შიგნეულის ნარჩენებთან ერთად გადავარდნას გადაურჩა. ინციდენტის მიუხედავად, მუზეუმის თანამშრომლებს თავდაპირველ განძრახვაზე ხელი არ აუღიათ.