-
2013-11-29 23:55
აღსანიშნავია, რომ „შალახოს“ მელოდია საქართველოსთან ასოციაციით საერთაშორისო დონეზე მეორედ გაჟღერდა.
ვილნიუსში გამართულ სამიტზე, სადაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა სცენაზე ასვლა ქვეყანასთან ასოცირებული ორი მელოდიის დაკვრით აღინიშნა.
ზოგადად, ყველა ქვეყნის დასახელების დროს ამ ქვეყანაში პოპულარული მელოდია ისმოდა, საქართველოს დასახელების დროს კი ასეთები „სულიკო“ და „შალახო“ აღმოჩნდა.
ცერემონიაში ქართული მხრიდან მაია ფანჯიკიძე და გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდნენ. პარაფირებაში ჯერ მაია ფანჯიკიძემ მიიღო მონაწილეობა და ამ მონაკვეთში დარბაზში „სულიკო“ ისმოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელმოწერისთვის მაგიდას გიორგი კვირიკაშვილი მიუჯდა, „სულიკო“ „შალახომ“ ჩაანაცვლა.
სხვათა შორის, საქართველოსთან ასოცირებულ მელოდიად „შალახო“ პირველად ვილნიუსში არ გაჟღერებულა.
მოკრივე გიორგი კანდელაკი, რომელიც 1997 წელს პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, დადგა რეალობის წინაშე, რომ საქართველოს დროშა და ჰიმნი წაღებული თან არ ჰქონდათ – გამარჯვებას არავინ ელოდა.
გიორგი კანდელაკი ჰყვებოდა, რომ მაშინდელი სახელმწიფო დროშა ორგანიზატორებს დაუხატეს და მათაც, სასწრაფოდ შეკერეს, ჰიმნთან მიმართებაში არსებული პრობლემა კი ასე მარტივად ვერ მოგვარდებოდა და, კანდელაკის თქმით, ქართველმა ემიგრანტებმა იხსნეს – კასეტაზე ჩაწერილი „შალახოს“ მელოდია მიაწოდეს და სწორედ ამ მელოდიის ფონზე აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.
მოგვიანებით ეს ისტორია „დილის გაზეთთან“ საუბარში, სტატიაში „რეალურად, „შალახოა“ ჩვენი ჰიმნი...“ მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ ასე გაიხსენა:
„მე მგონი, მაინც ყველაფერი ზოგადად გაუნთლებლობისგან მოდის. ერთი ასეთი ნიშანდობლივი დეტალი მინდა გავიხსენო, რომელიც, როგორც მოვლენა, მშვენიერი იყო, მაგრამ იგივე მოვლენა, გაუნათლებლობის გამო, ხამობად გადაიქცა.
ბიჭი რომ არის, მოკრივე, კანდელაკი, სადღაც გაუმარჯვია, მოუთხოვიათ ჰიმნი და დროშა. არადა, არა აქვთ. დროშა დაუხატა, სასწრაფოდ შეკერეს. მაგრამ ჰიმნს რას უზამ, გაახსენდა, იმ ქალაქში ვიღაც ქართველს უცხოვრია. იმას სთხოვა, ჰიმნი არა გვაქვს, რა იქნებ რაიმე ქართული სიმღერა მოგვაწოდოო, ჰიმნის მაგიერ რომ დავუკრათ, ვინ გაიგებსო. თავისთავად ქართული არტისტიზმია, ფანტასტიკურია. ვიფიქრე, "ჩემო კარგო ქვეყანას" დაუკრავენ, ან "ჩაკრულოს", ან რაღაცას, ბოლოს და ბოლოს, "ჭრელო პეპელას"...
კიო, კიო, მაქვსო, უთქვამს, და "შალახო" გამოატანა... ყვება ეს მოკრივე, მერე ჩვენო გაგვიხარდაო, და დავუკარითო. ტაკნა-ტუკნა, ტაკნა-ტუკნა და წავიდა ჩვენი დროშა ზევით. არ არის ეს შემზარავი? მერე რომ დავფიქრდი, ერთობ სიმპტომატურია. "შალახოა" ჩვენი ჰიმნი რეალურად. ეგრეა რა. ეგ არის ჩვენი ტრაგედია. თავი დავანებოთ, რომ კანდელაკმა არ იცის, იმან მაინც ხომ უნდა იცოდეს, რა არის "შალახო", რა მუსიკაა, სადაურია, ვისია და ვინ ცეკვავდა...“.
(წყარო: „დილის გაზეთი“, 2001 წლის 14 მაისი. სტატიის ავტორი რეზო შატაკიშვილი).
P.S. – ვილნიუსში გამართული ცერემონიის შემდეგ, მისი დასრულებიდან ცოტა ხანში „შალახოს“ მელოდიასთან დაკავშირებული უამრავი სახალისო ფოტოკოლაჟი გამოქვეყნდა. ერთერთი მათგანი ამ მასალის მთავარ ფოტოდაა გამოყენებული და მისი ავტორია ჯგუფი „წითელკათხელები“.
მოამზადა ლაშა ბერულავამ.